ChatGPT Enterprise

უკვე თითქმის ერთი წელი შესრულდა, რაც ChatGPT-იმ სრული გადატრიალება მოახდინა თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

10 თვის განმავლობაში, მასზე საუბარი, მის გარშემო ეჭვები და უნდობლობა არ დასრულებულა.

მას მსოფლიოში მილიონობით მომხმარებელი ყავს. ბევრისთვის ChatGPT-სთან ურთიერთობა უკვე ყოველდღიურობის ნაწილიც კი გახდა.

დროსთან ერთად ჩატბოტის გამოყენებაზე, სულ უფრო მეტი და მეტი კომპანია ალაპარაკდა.

და აი, დადგა დრო, როდესაც OpenAi მის კომერციულ ვერსიას წარმოგვიდგენს.

ChatGPT Enterprise-ის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ კომპანიების მხრიდან დასმული კითხვები კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების დაცვის შესახებ, წარსულს ჩაბარდება.

პოპულარული ჩატბოტის ბიზნეს მოდელი, ბევრ სხვა უპირატესობასთან ერთად, უფრო მაღალ სიჩქარეზე წვდომას, პერსონალიზაციის ვარიანტებს და რაც მთავარია, გაძლიერებულ უსაფრთხოებას გვპირდება.

როგორც ChatGPT Enterprise-ის შემქმნელები ამბობენ, ისინი ნებისმიერი სენსიტიური ინფორმაციის დაცვას შეძლებენ და ნებისმიერი კომპანიისთვის საიმედო და ეფექტურ დამხმარედ იქცევიან.

მათი თქმით, სისწრაფეც მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული, ამასთანავე მომხმარებელს ოთხჯერ უფრო დიდი მოთხოვნებისა და ფაილების დამუშავების საშუალება მიეცემა.

ჩატბოტი ტექნიკურ და არატექნიკურ სამუშაო გუნდებს საშუალებას მისცემს, ნებისმიერი სახის ინფორმაცია წამებში მიმოიხილონ.

დიდ ორგანიზაციებს კი შეეძლებათ საგაზიარებელი შაბლონების გამოყენებით, თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია საგრძნობლად გაამარტივონ.

ბევრი ბიზნესი წუხს იმის შესახებ, რომ შეიძლება, მათი მონაცემები ChatGPT-ის საწვრთნელად გამოიყენონ.

საპასუხოდ OpenAI აცხადებს, რომ სანერვიულო არაფერია, რადგან ChatGPT-ის შემთხვევაში, მოხმარებლები თავიანთი ინფორმაციის მართვასა და ფლობას შეძლებენ.

ამ ახალ, ბიზნესებისთვის ძალიან საინტერესო შეთავაზებას, მალე ახალი ფუნქციებიც დაემატება.

ეს იქნება დახვეწილი ანალიტიკური ხელსაწყოები. შემქნელები აცხადებენ, რომ ChatGPT Enterprise ბიზნესზე ორიენტრებული პირველი პროდუქტია და ის ცალსახად გამოყოფილია ChatGPT-სა, თუ ChatGPT Plus-ისგან.

ამ უკანასკნელზე გადართვას იმ კომპანიებს მოუწოდებენ, რომელთაც ახალი ფუნქციებით სარგებლობა სურთ.

ბევრი კომპანია GPT-4-თან დასაკავშირებლად API-ს, ან ქლაუდ სერვისების მეშვეობით ამჯობინებს. იმის შიშით, რომ მათი მონაცემები GPT-ის ენის მოდელის გასაწვრთნელად არ გამოყენებულიყო, ზოგიერთმა კომპანიამ საკუთარი LLM ტიპის სისტემების შექმნაც კი დაიწყო.

პატარა ფირმებისთვის ეს წარმოუდგენელია. ეს კი იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ მათთვის ChatGPT Enterprise საკმაოდ ღირებული გახდება.

„ჩვენ გვჯერა, რომ AI-ს შეუძლია აამაღლოს ჩვენი სამუშაო ცხოვრების ყველა ასპექტი და გუნდები უფრო კრეატიული და პროდუქტიული გახადოს.

დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ხელოვნური ინტელექტის ასისტენტისკენ, რომელიც ადამიანებს ნებისმიერი ამოცანის შესრულებაში ეხმარება.

ახლა ის მორგებულია თქვენს ორგანიზაციაზე და იცავს თვენი კომპანიის მონაცემებს“ – ნათქვამია OpenAI-ს ოფიციალურ განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება ეს ახალი მომსახურება, თუმცა იმედი გვაქვს, დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

ამავე თემაზე