რას მოგვცემს მარსის კოლონიზაცია და რა საფასურის გადახდა მოგვიწევს მასში
როდესაც ადამიანი მთვარეზე დაეშვა – ეს ნაბიჯი კაცობრიობისთვის უდიდეს ნახტომად შეფასდა. მართლაც ასე იყო, რადგან გარდა იმ სამეცნიერო აღმოჩენებისა, რაც ამ ფაქტს მოყვა… (აპოლოს მისიებმა მეცნიერებს საშუალება მისცეს ჩაეტარებინათ ექსპერიმენტები…
შეეგროვებინათ მონაცემები მთვარის გეოლოგიაზე და მთვარის ატმოსფეროზე… ეწარმოებინათ დაკვირვებები გრძელვადიანი კოსმოსური ფრენის ეფექტებზე… ადამიანის ფიზიოლოგიაზე და ა.შ).
ამ პროგრამის განვითარებისთვის და ხორცშესხმისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიები საოცარი ტემპით განვითარდა. ეს საბოლოო ჯამში, ზოგადად ტექნოლოგიური სფეროსთვის სერიოზული ბიძგი აღმოჩნდა.
მთვარეზე დაშვებამ ასევე შთააგონა მრავალი ადამიანი მთელს მსოფლიოში, რომ კარიერა მეცნიერებაში, ინჟინერიაში და კოსმოსის კვლევასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში გაეგრძელებინა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მისიამ კაცობრიობის იმედები სრულად გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას არნახული თანხა დასჭირდა (დღევანდელი კურსით 150 მილიარდ დოლარზე მეტი) და მას უამრავი მოწინააღმდეგეც ყავდა.
დღეს კაცობრიობას სხვა მრავალ თავსატეხთან ერთად, მორიგი კოსმიური ოდისეის იდეა აწუხებს. ნუ, შეიძლება მთლად კაცობრიობას არა, მაგრამ მის გარკვეულ წარმომადგენლებს ნამდვილად. ჰოდა მოდით განვიხილოთ, რას მოგვცემს მარსის კოლონიზაცია და რა საფასურის გადახდა მოგვიწევს მასში.
რას გავაკეთებთ, როდესაც საბოლოოდ მივაღწევთ მარსს?
ამ შეკითხვამ მსოფლიოს ხალხთა წარმოსახვა დიდი ხანია დაიპყრო და მათ მოსვენებას არ აძლევს.
როგორც ვიცით, მარსელების არსებობა და პლანეტაშორისი ომები, გამოირიცხა. ამიტომ პირველ რიგში, მარსზე ნებისმიერი პილოტირებული მისიის მთავარი მიზანი სამეცნიერო კვლევა იქნება.
მეცნიერები და მკვლევარები შეისწავლიან პლანეტის გეოლოგიას, კლიმატსა და ატმოსფეროს, რათა მეტი გაიგონ მისი წარსულისა და აწმყოს შესახებ.
ისინი ასევე უფრო აქტიურად დაიწყებენ სიცოცხლის ნიშანწყლის ძებნას, რათა მეტი გაიგონ სხვა პლანეტებზე სიცოცხლის პოტენციალის შესახებ.
თითქოს ცოტათი მოსაწყენია. ეს ყველაფერი ხომ ძალიან ნელა მოხდება. თავად მარსამდე კოსმონავტების გადაადგილებას და შემეგ უკან დაბრუნებას დღევანდელი გათვლებით დაახლოებით ერთი წელი დაჭირდება.
ეს კი გარდა ადამიანების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნისა, თავისთავად ურთულესი ლოგისტუკური პრობლემების გადაჭრასაც მოითხოვს…
თუმცა ისევ ჩვენი ჩართულობის წყალობით, ტექნოლოგიურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ასე რომ, საბოლოო ჯამში, კოსმონავტ-მეცნიერების მარსზე სეირნობით მაინც მოგებულები დავრჩებით…
თუმცა გარდა მეცნიერული კვლევისა, არსებობს მარსზე პილოტირებული მისიის არაცერთი პრაქტიკული პროგრამაც. მაგალითად, წითელ პლანეტაზე ასტრონავტებს შეეძლებათ ჩაატარონ ექსპერიმენტები და მის უნიკალურ გარემოში ახალი ტექნოლოგიები გამოსცადონ.
ეს უკანასკნელი მოიცავს ახალი მასალების, ან სისტემების შემუშავებას, რომლიც კოსმოსის პირობებს გაუძლებს და პლანეტაზე გრძელვადიანი საცხოვრებლის მიზანშეწონილობის შესწავლას ჩაუყრის საფუძველს.
ამ ტესტირებებში მრავალი წელი და მილიარდები დაიხარჯება, თუმცა საბოლოოდ ეს გზა მარსზე ადამიანების კოლონიის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს.
ეს კი კაცობრიობის კიდევ ერთი უდიდესი ნახტომი იქნება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ერთი, ან რამდენიმე ადამიანის გულუბრყვილო, ან ბოროტი ახირება.
მარსის კოლონიზაცია კაცობრიობის ისტორიაში ახალი, უმნიშვნელოვანესი საფეხური იქნება და ის ჩვენი რასის გადარჩენის, განვითარების და პოტენციალის გამოვლენის საუკეთესო საშულება გახდება.