ბრენდის ანბანი, ნაწილი 2
დღევანდელი ბლოგი მეორე ნაწილია ბრენდის ანბანის სერიიდან, რომელიც ბრენდის მშენებლობის პროცესს A-B-C მოდელის მიხედვით შეისწავლის.
თუ წინა ბლოგი წაკითხული გაქვთ, უკვე იცით, რომ ყველაფერი აუდიტორიით იწყება – იმ ადამიანებით ვისთვისაც ქმნით თქვენს ბრენდს.
თუმცა თუ ეს ატაპი გავლილი გაქვთ და იცით ვისთვისაა თქვენი ბრენდი, ჩნდება კითხვა – როგორ უნდა მივაწოდოთ ის მომხმარებელს სწორად?
პასუხი B ასოს ქვეშ იმალება და მას ბრენდინგი ქვია.
რას მოიზარებს ბრენდინგი?
ბრენდი არ არის მხოლოდ ლოგო, ფერი ან დასახელება. ეს ჩამოთვლილი ელემენტები მხოლოდ ცალკეული ინსტრუმენტებია, რომლებიც ღირებულებების გამოსახატად გვჭირდება.
სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის ბრენდის არსს. ბრენდი, ეს არის გრძნობა, რომელიც მომხმარებელს უჩნდება მასზე ფიქრისას.
ამ გრძნობას ქმნის ის გზა, რომლითაც მეტყველებთ, ირჩევთ ფერებს, ასრულებთ დაპირებებს და ასე შემდეგ.
სწორედ ამიტომ – ბრენდინგი არის თანმიმდევრული და ადამიანური მოქმედებების ჯამი, მთლიანობა, რომელიც მომხმარებლის გულამდე აღწევს. დიახ, ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური იდენტობა, ან დიზაინის სახელმძღვანელო.
ბრენდინგი სტრატეგიული და ემოციური კარკასია. ის აჩვენებს ვინ ხართ, საერთოდ რატომ არსებობს თქვენი ბრენდი, როგორ აცნობთ თავს აუდიტორიას და როგორ ავითარებთ ურთიერთობებს ადამიანებთან.
რა არი ბრენდინგის ძირითადი კომპონენტები?
- ბრენდის მიზანი და ღირებულებები – დაიმახსოვრეთ, რომ კითხვა „რატომ არსებობთ“ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კითხვა „რას ყიდით“.
მაგალითად, ხელნაკეთი კოსმეტიკა შეიძლება მხოლოდ სახის კრემი იყოს, მაგრამ თუ თქვენი მიზანი ქალების გაძლიერებაა, თქვენი პროდუქტი გაცილებით ღრმა იდეას ემსახურება. - ბრენდის ისტორია – ყველა ძლიერი ბრენდი ყვება თავის ისტორიას. მომხმარებელი კი არ მხოლოდ პროდუქტს ყიდულობს, არამედ ისტორიას, რომელიც ამ პროდუქტის მიღმა იმალება.
მოუყევით თქვენს აუდიტორიას როგორ დაიწყო ყველაფერი, რა დაბრკოლებები შემოგხვდათ განვითარების გზაზე და რა იყო თქვენი მოტივაცია.
გახსოვდეთ, რომ თხრობა ქმნის ადამიანურ კავშირებს და სწორედ ამ გზით ყალიბდება ნდობა. ნდობა კი ერთჯერადად არ „ყიდის“, ის „ყიდის“ მრავალჯერადად. - ვიზუალური იდენტობა – არ შეიძლება ვიზუალი მხოლოდ იმიტომ აირჩიოთ, რომ მოგწონთ. ის აუცილებლად უნდა გამოხატავდეს ბრენდის ხასიათს. დაფიქრდით რას ასხივებს თქვენ მიერ შერჩეული ფერები, სანდოობას თუ ექსპერიმენტულობას?
როგორია თქვენი ფონტები, ფორმალური თუ მეგობრული? როგორი ფოტოები გაქვთ, რას ამბობენ თქვენი ვიდეოები…
როგორ შევქმნათ ბრენდი, რომელსაც ენდობიან?
- თანმიმდევრულობა ყველა არხზე – თუ ვებსაიტზე ძალიან პროფესიული ხარ, ხოლო ისტაგრამზე ირონიული – მომხმარებელს გაუჭირდება შენი ამოცნობა.
რაც უფრო თანმიმდევრული ხარ ტექსტში, ვიზუალში და ემოციურ გადმოცემაში, მით უფრო ადვილად გაგიცნობს აუდიტორია. - სიმარტივე – არ არის საჭირო ზედმეტად ჩახლართული იდეები და რთული სიტყვები.
წარმატებული ბრენდები მარტივ იდეებზე დგას, თუმცა ისინი შესრულებულია ღრმად და აზრიანად. - გამჭვირვალობა და გულწრფელობა – მომხმარებელი გრძნობს, როცა რამე „დადგმულია“ ან გულწრფელად ნათქვამი არ არის.
იყავით ის, ვინც რეალურად ხართ.
და ბოლოს, წინა ბლოგში გაცნობილი პერსონის მაგალითზე განვიხილოთ, როგორ შეიძლება აეწყოს ბრენდინგი.
ჩვენი პერსონაა ნატა, 34 წლის, რომელიც ცხოვრობს თბილისში. ზრუნავს გარემოზე, უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ ინგრედიენტებს და აფასებს ქალების შრომას.
ნატასთვის შექმნილი ბრენდინგი ასე გამოიყურება:
- ღირებულება: გთავაზობთ პროდუქციას, რომელიც პატივს სცემს დედამიწას
- ტონი: თბილი, უშუალო, ქალურობით გაჯერებული ხმა
- ვიზუალი: ბუნებრივი ფერები, რბილი ტექსტურები, რეალური ქალების ფოტოები
- ისტორია: ყველაფერი ჩემი დისთვის კრემის მომზადებით დაიწყო……
ასეთი იყო ბრენდის ანბანი, ნაწილი 2. დაელოდეთ ტროლოგიის ბოლო ბლოგს და გაიგეთ, რა მნიშვნელობა აქვს კონტენტს წარმატებული ბრენდის მშენებლობისას.