ბრენდის ანბანი, ნაწილი 1

დღევანდელ და მომდევნო ორ ბლოგში განვიხილავთ ყველაფერს, რაც ბრენდის მშენებლობის გულწრფელ, თანმიმდევრულ და ადამიანურ პროცესს შეეხება.

თუ აქტიურად ხართ ჩართული ბრენდინგში, აფასებთ ღრმა სტრატეგიულ შინაარსს, ან ქმნით ბიზნესს ნულიდან – სწორ ადგილას მოხვდით.

ყველაფერი, რასაც ქმნით, თქვენი ბრენდის ანარეკლია.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორ პასუხობთ მომხმარებელს, როგორია თქვენი ტექსტი, ხმა, ფერები, დამოკიდებულება.

გახსოვდეთ – ბრენდი მაშინ არის წარმატებული, თუ ის კონკრეტულ ინდივიდთან კავშირს ახერხებს.

ამ ტრილოგიას საფუძვლად ბრენდის ანბანი დავუდე, 3 სერია, რომლებიც თითოეულ ასოზე, ერთი ფუნდამენტური ელემენტის გარშემო ააწყობს ბრენდის მშენებლობის პრაქტიკულ გზამკვლევს.

დღევანდელი თემაა ბრენდის ანბანი, ნაწილი 1 – A (აუდიტორია).

A – აუდიტორია – რატომ იწყება ყველაფერი აუდიტორიით?

შეუძლებელია შექმნა წარმატებული ბრენდი, თუ არ იცი, ვისთვის ქმნი მას.

ვერ დაწერ ღირებული შინაარსის ტექსტს, ვერ შეარჩევ ზუსტ ფერს, ფორმას, ხმის ტონს – თუ მკაფიოდ ვერ ხედავ, კონკრეტულად ვის ელაპარაკები.

ბევრი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს მიმართავს, უკეთესია, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა:

როცა ესაუბრები ყველას, სინამდვილეში ელაპარაკები არავის!

ბრენდის მიზანი არა მასების მოხიბვლა, არამედ შინაარსის, ღირებულებების და ემოციის სწორ ადამიანამდე მიტანა უნდა იყოს.

აუდიტორიას თავისი ფსიქოლოგია აქვს, რომელსაც ჩაღრმავება ჭირდება. ზოგ შემთხვევაში, თქვენს მომხმარებლებს პრობლემები უნდა მოუგვაროთ, ზოგჯერ ღირებულებები გაუზიაროთ…

მათ საკუთარ თავში თქვენი ამბავი უნდა ამოიცნონ. აი სწორედ მაშინ შექმნით ბრენდს, რომელიც ხალხისთვის მნიშვვნელოვანია, რომელსაც ენდობიან და რომლისაც ჯერათ.

რა არის ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც აუდიტორიის შესასწავლად უნდა გადადგათ?
  • შექმენით პერსონა (User Persona) – დაარქვით სახელი, აღწერეთ მისი ყოველდღიურობა, გამოწვევები, შეხედულებები, განსაზღვრეთ რას ეძებს, რისი ეშინია, რითია დაინტერესებული…
  • მოუსმინეთ და დააკვირდით – წაიკითხეთ კომენტარები, მიმოხილვები, გამოხმაურებები
  • გააანალიზეთ ინტერაქცია – შეისწავლეთ როგორ პოსტებზე რეაგირებს მომხმარებელი ყველაზე მეტად, რომელი თემები იწვევს ემოციებს.

წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ ყიდით ქალის ხელნაკეთ კოსმეტიკას.

თქვენს მიერ შექმნილი პერსონა შეიძლება იყოს, პირობითად ნატა, რომელიც 34 წლის არის და თბილისში ცხოვრობს.

ნატა პასუხისმგებლობით ეკიდება ბუნებაზე ზრუნვას და სჯერა ქალების მხარდაჭერის ძალის.

თქვენი კონტენტი, პროდუქტი, შეფუთვა, მესიჯი უნდა ელაპარაკებოდეს ნატას და არა მასებს, რადგან სწორედ ნატაა თქვენი ნამდვილი მომხმარებელი.

ის არის ადამიანი, რომელთანაც კავშირი არა ერთჯერადად, არამედ მუდმივად უნდა დაამყაროთ. როდესაც ქმნით კონტენტს, ბრენდის ფერს, ან შეფუთქვას, გონებაში სწორედ ნატა უნდა გყავდეთ.

უნდა დაფიქრდეთ, რას წაიკითხავდა ნატა სიხარულით, როგორი ტექსტი გააღიმებდა, ან ააღელვებდა, რომელ ფოტოს გაუზიარებდა მეგობრებს.

სწორედ ამ გზით იძენს პროდუქტი კონტექსტს, კამპანიები კი მიზანს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ნატა შეიძლება იცვლებოდეს და თქვენ მის ცვლილებებს ფეხი უნდა აუწყოთ. ბრენდმა უნდა შეძლოს მოუსმინოს პერსონას, რომელთანაც ურთიერთობს.

როგორ მოვუმინოთ აუდიტორიას ყოველდღიურ რეჟიმში?
  • შეინარჩუნეთ კითხვა-პასუხის ცოცხალი ფორმატი სოციალურ მედიაში
  • ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ მოწონებებს, არამედ კომენტარებსაც. განსაკუთრებით ისეთებს, რომლებშიც არ გეთანხმებიან.
  • ჩართეთ აუდიტორია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
  • ნუ შეგეშინდებათ უშუალო დიალოგის – ხშირად მოკლე მიმოწერაც კი გრძელვადიან ნდობას ქმნის.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ბრენდს ყავს არა უბრალოდ მომხმარებელი, არამედ აუდიტორია. ადამიანები, რომლებიც თანაგიგრძნობენ, გესაუბრებიან და რომელთა თვალშიც, თქვენი იდეა რეალურ ღირებულებად გადრაიქმნება.

ყველა ბლოგი