პასუხობს თუ არა შენი სერვისი მომხმარებლის საჭიროებებს?! – რა არის UX

შენი პროდუქტი, ან მომსახურება მოთხოვნადი არ არის?!

ჰო, ეს საკმაოდ სევდიანი ამბავია.  არადა თითქოს ყველაფერს იდალურად აკეთებ, დიზაინიც შეუდარებელი გაქვს, ვებ გვერდიც მშვენიერი…

ნუთუ უბრალოდ ბედი არ გაქვს?!

სანამ მსგავს უტოპიაში ჩაეშვები – დაფიქრდი… იქნებ შენი პრობლემა UX (user experience), იგივე „მომხმარებლის გამოცდილების“ არასათანადოდ შესწავლაშია?!

რისთვის გჭირდება UX კვლევა?

იმისთვის, რომ გაერკვე მომხმარებლის გრძნობებში, ემოციებში, საჭიროებებში, ქცევებში…

და ეს ყველაფერი რისთვის გჭირდება? იმისთვის, რომ იპოვო და გამოასწორო შენი პრობლემა…

გაყიდო უფრო მეტი და უფრო სარფიანად…

მომხმარებლის გამოცდილების შესწავლა ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ გინდა ნდობა მოიპოვო, ჯერ შენი მომხმარებელი კარგად უნდა გაიცნო, დაუმეგობრდე…

ხანდახან გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც კი უნდა ჩართო. აუცილებელია აკვირდებოდე მის აღქმებს, პრეფერენციებს, რეაქციებს შენს მომსახურებასთან, თუ პროდუქტთან შეხებისას.

გინდა კონკურენტულ ბაზარზე წარმატებულად პოზიციონირებდე?

UX-ის შესწავლას საკმარის ყურადღებას თუ არ დაუთმობ, გაგიჭირდება…

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც UX მკვლევარებს ეძახიან. სწორედ ეს ხალხი გეგმავს კვლევებს, არჩევს მეთოდოლოგიას, აგროვებს ინფორმაციას, აანალიზებს მომხმარებლისგან მიღებულ უკუკავშირს და საბოლოოდ, დასკვნებიც გამოაქვს.

კვლევის დაწყებამდე აუცილებელია კარგად განისაზღვროს რა ინფორმაციის მიღება გვინდა და რას მოგვცემს ეს ინფორმაცია. კვლევა ორ ნაწილიანია – რაოდენობრივი და ხარისხობრივი.

რაოდენობრივი კვლევის დროს საქმე რიცხვებთან გვაქვს. მოკლედ, რომ ვთქვათ, ვიგებთ მაგალითად, ვინ სად რამდენჯერ დააკლიკა, ან რა ეტაპზე მიგვატოვა.

ხარისხობრივი კვლევის დროს კი უკვე მიზეზებს ვარკვევთ. ვიგებთ, რატომ არ დააკლიკა, ან რატომ მიგვატოვა. ამისთვის ბუნებრივია ინტერვიუების წარმოებას გვჭირდება, რაც მომხმარებელთან კომუნიკაციის საკმაოდ საიმედო გზაა.

მოკლედ, UX მკვლევარები საკმაოდ შრომატევად და სასარგებლო საქმეს აკეთებენ.

როდის და რა სიხშირით უნდა ჩატარდეს UX კვლევა?

მაშინ, როცა რაღაც „ისე“ ვერ არის. მაგალითად, ხედავთ, რომ მომხმარებლები ნელნელა გტოვებენ, ან მაგალითად მაშინ, როცა ახალი პროდუქტის ჩაშვებას აპირებთ.

გახსოვდეთ, ამ კვლევას ერთი მთავარი მიზანი აქვს – გაარკვიოს, პასუხობს თუ არა შენი სერვისი მომხმარებლის საჭიროებებს.

ჩვენ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ. იმისთვის, რომ შენი ბიზნესი კონკურენტუნარიანი იყოს, სულ უფრო მეტად საჭირო ხდება მოერგო მომხმარებელს.

UX არის დარგი, რომელიც წინა საუკუნის მიწურულს შეიქმნა და მასში უკვე მილიონობით ადამიანია დასაქმებული.

ამ დარგის მიმართ ინტერესი საქართველოშიც დღითიდღე იზრდება. კომპანიები სულ უფრო მეტად მიმართავენ მონაცემებით მართულ (data driven) გადაწყვეტილების მიღების გზებს.

და ბოლოს, მოდი მარტივად ვთქვათ: UX კვლევა გაძლევს საშუალებას მომხმარებლისგან მიიღო რეალური რჩევები, იმისთვის, რომ გახდე საუკეთესო!