UX აუდიტი
წინა ბლოგში ვებსაიტის ტექნიკური აუდიტის აუცილებლობაზე ვისაუბრეთ. განვმარტეთ, რომ ეს უნდა იყოს ის პირველი და ფუნდამენტური ნაბიჯი, რომელიც საიტის ტექნიკურად გამართულ ფუნქციონირებაში დაგვარწმუნებს.
თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ვებსაიტი შეიძლება არ იჭედებოდეს, სწორად ინდექსირდებოდეს, ყველა ბმულიც მუშაობდეს…
და მაინც, ვიზიტორები მას მალევე ტოვებდნენ. მაშინ რაშია საქმე?! იქნებ მომხმარებლებს თქვენი საიტი არ მოსწონთ?
აი, სწორედ აქ შემოდის თამაშში UX აუდიტი.
რას ნიშნავს UX (User Experience) აუდიტი?
ეს არის პროცესი, რომელიც გეხმარებათ გაიგოთ, რამდენად სასიამოვნოა ვიზიტორებისთვის ის გამოცდილება, რომელსაც მათ თქვენი საიტი თავაზობს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის შეფასება იმის შესახებ, თუ რამდენად მოსახერხებელია რეალური ადამიანისთვის თქვენს ვებსაიტთან ურთიერთობა.
თუ ახლა გაიფიქრეთ, რომ საქმე მხოლოდ ლამაზ დიზაინშია, აქვე გეტყვით, რომ ცდებით. იმისათვის, რომ მომხმარებლის გამოცდილება დადებითი იყოს, საიტი რამდენიმე ფაქტორს უნდა აკმაყოფილებდეს:
- ინფორმაციის ლოგიკურად განლაგება
- სწორი სტრუქტურა და ნავიგაცია
- ფუნქციური ღილაკები
- სწრაფი წვდომა
რატომ ჭირდება საიტს UX აუდიტი?
პასუხი მარტივია. მომხმარებლის გამოცდილება გავლენას ახდენს ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა bounce rate, კონვერსია და ბრენდისადმი ნდობა. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი UX ვებსაიტს მწყობრიდან არ გამოიყვანს, საბოლოო ჯამში, მაინც გაგიფანტავთ მომხმარებლებს.
რისი გამოვლენა შეუძლია UX აუდიტს?
UX აუდიტის დროს, შეგიძლიათ ნახოთ სად იკარგება მომხმარებელი საიტზე და რომელ ეტაპზე ჩერდება პროცესი. მაგალითად, შეიძლება ვიზიტორი ყველა ნაბიჯს ასრულებდეს, თუმცა რეგისტრაციისგან თავს იკავებდეს.
ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ გაიგოთ, რა აბნევს, ან აფერხებს მას და ზოგადად, რა აკლია საიტს, ან თუნდაც რა არის მასში ზედმეტი. ხშირად სწორედ UX აუდიტის საშუალებით ვიგებთ ისეთი დეტალების შესახებ, რომლებსაც მანამდე ვერ ვამჩნევდით.
მაგალითად, შეიძლება რომელიმე კონკრეტული ღილაკი კარგად ჩანს მონიტორზე, თუმცა მობილურ ტელეფონზე საერთოდ შეუმჩნეველია. ან შეიძლება რომელიმე ტექსტი კარგია, მაგრამ იმდენად გრძელი, რომ მომხმარებელს მას ბოლომდე არ კითხულობს.
როგორ ტარდება UX აუდიტი?
სავსებით შესაძლებელია, რომ ერთჯერადი შესწავლის საფუძველზეც მნიშვნელოვანი დასკვნები გამოიტანოთ, თუმცა ჯობია უპირატესობა მაინც სისტემურ მიდგომას მიანიჭოთ. ძირითადი ეტაპები ასე გამოიყურება:
- საიტის მიზნის განსაზღვრა – რა გსურთ, რომ ვიზიტორმა ქვენს საიტზე გააკეთოს?
თუ ეს მიზანი ბუნდოვანია, ვერც UX იქნება ეფექტური. რაც უფრო კონკრეტულია თქვენი მიზანი, მით უფრო მარტივად შეძლებთ მომხმარებელს დადებითი გამოცდილება შეუქმნათ. - მომხმარებლის ტიპის განსაზღვრა – ვინ არის თქვენი აუდიტორია, რას ეძებს, რომელი მოწყობილობით შემოდის თქვენს საიტზე? გახსოვდეთ, რომ UX შეფასება ყოველთვის მომხმარებლის რეალური გზის წარმოდგენით იწყება.
სტრუქტურისა და ნავიგაციის ანალიზი
დასაწყისშივე უნდა დარწმუნდეთ, რომ მენიუ ლოგიკურადაა შედგენილი. გვერდებს შორის გადასვლა მარტივი უნდა იყოს, მომხმარებელს ნავიგაციისას დაფიქრება არ უნდა ჭირდებოდეს.
ხშირად ისეთი მცირე ცვლილებები, როგორებიცაა მენიუს გადანაცვლება, ან ღილაკის გაფერადება, საგრძნობლად აუმჯობესებს მთლიან გამოცდილებას.
ვიზუალური იერარქია
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ვიზუალი არ არის, UX-ის დიდი ნაწილი მაინც ამაზეა დამოკიდებული. სწორად გადანაწილებული სივრცე, წვდომადი ტექსტი, მკაფიო ღილაკები და თანმიმდევრული სტილი, მომხმარებელს უქმნის განცდას, რომ თქვენს საიტზე ყოფნა მარტივი და სასიამოვნოა.
მობილური გამოცდილება
თუ UX მობილურისთვის ოპტიმიზირებული არ არის, დიზაინს აზრი ეკარგება. თითოეული ჩაგდებული ღილაკი და გაწელილი წარწერა აზიანებს კავშირს თქვენსა და მომხმარებელს შორის.
ქცევითი მონაცემების ანალიზი
ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა, Google Analytics, Hotjar და Clarity გვეხმარება დავინახოთ რეალური გზა, რომელსაც მომხმარებელი ჩვენს საიტზე გადის.
როგორ უნდა გამოიყენოთ UX აუდიტის შედეგები?
უნდა გახსოვდეთ, რომ UX აუდიტი არა მხოლოდ დიაგნოზი, არამედ მოქმედების გეგმაა. შედეგების მიღების შემდეგ, პირველ რიგში, ხარვეზების პრიორიტეტიზაცია უნდა მოახდინოთ.
მარტივი ცვლილებები სწრაფად შეასრულოთ, რთული საკითხები კი გონივრულ ფაზებად დაყოთ.
რაც მთავარია, ყველა გაუმჯობესება რეალურ გამოყენებაში უნდა შემოწმდეს. მიზანი კი იყოს უცვლელი – შეიქმნას გამოცდილება, რომელიც მომხმარებელს თქვენთვის სასურველი ქმედებისკენ უბიძგებს.
გახსოვდეთ, რომ ბიზნესი, რომელიც UX-ს მუდმივად აუმჯობესებს, ბევრად სწრაფად ერგება ცვლილებებს და ბევრად მყარად ინარჩუნს საკუთარ თავს ბაზარზე.