QR კოდი

ალბათ არავინ შემედავება თუ ვიტყვი, რომ დღევანდელ სამყაროში, ინფორმაციაზე სწრაფ და შეუფერხებელ წვდომას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

QR კოდი ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია, რომელსაც ონლაინ და ოფლაინ გამოცდილებას შორის არსებული უფსკრულის გადალახვა შეუძლია.

ამ ბლოგში ბევრ საინტერესო დეტალს ჩავუღრმავდებით და მოგიყვებით საერთოდ რა არის QR კოდი და როგორია მისი მუშაობის პრინციპი.

 

რა არის QR კოდი?

QR კოდი, სხვა ბევრი მოწინავე ტექნოლოგიის მსგავსად იაპონიაში შეიქმნა და ის თავდაპირველად, ავტომობილის ქარხანაში, საწარმოო ხაზში მოძრავი ნაწილების კონტროლისთვის გამოიყენებოდა.

ეს ტექნოლოგია მასაჰირო ჰარამ შექმნა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში იაპონურ ტექნოლოგიურ კომპანიაში Denso Wave ინჟინრად მუშაობდა.

ვერ გეტყვით წარმოედგინა თუ არა მასაჰიროს, რომ QR კოდი ამხელა სიმაღლეებს მიაღწევდა, თუმცა ფაქტია, რომ დღეს, ამ ტექნოლოგიას ვხედავთ ყველგან… ბოლბორდებზე, რესტორნების მენიუებზე, სპორტულ დარბაზებში და ა.შ.

ორგანზომილებიან, კოდირებულ ნიშანს – QR კოდს, გაცილებით დიდი ინფორმაციის შენახვა შეუძლია, ვიდრე ტრადიციულ, ერთგანზომილებიან შტრიხკოდებს, რომელთაც სხვადასხვა პროდუქტის შეფუთვაზე ვაწყდებით.

QR კოდის შავი კვადრატების და წერტილების მიღმა დიდი ინფორმაცია იმალება, რომელიც წაკითხვაც მისი სკანირების საშუალებით შეიძლება. საკმარისია მომხმარებელმა თავისი სმარტფონის თუ ტაბლეტის QR კოდის წამკითხველი ამ ტექნოლოგიისკენ მიმართოს და ის მყისიერად სასურველ ვებსაიტზე გადამისამართდება.

როგორ მუშაობს QR კოდი?

კოდირება, სკანირება და გაშიფრვა ის სამი ნაბიჯია, რომლებიც QR კოდის გამოსაყანაბლად არის საჭირო. კოდირების დროს ინფორმაცია შავი და თეთრი კვადრატების საშუალებით იშიფრება.

კვადრატების თანმიმდევრობის არჩევა უსასრულოდ შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უნიკალურია და მისი ანალოგი არ არსებობს.

მცირე QR კოდი დაახლოებით 100 სიმბოლომდე მოცულობის ინფორმაციას იტევს, დიდს კი 7089-მდე სიმბოლოს შენახვა შეუძლია.

QR კოდის დაგენერირების შემდეგ, მისი წაკითხვა არის შესაძლებელი. ადრე ეს მხოლოდ სპეციალური QR სკანერებით ხდებოდა, თუმცა დღეს, როგორც უკვე ვთქვით, კოდის წაკითხვა ნებისმიერი სმარტფონის საშუალებით შეგვიძლია.

დატაზე წვდომა უმარტივესად, მხოლოდ კოდზე კამერის მიმართვით ხდება.

დატა, იგივე ბინარული რიცხვების კომბინაცია, მომხმარებლისთვის გასაგებ ფორმატში ტრანსფორმირდება. თუ დაშიფრული ინფორმაცია შეიცავს ვებგვერდის ბმულს, სწორედ ამ ბმულზე გადადის მომხმარებელი QR კოდის სკანირების შემდეგ.

რა უპირატესობა აქვს QR კოდებს ბიზნესისთვის?

დინამიური QR კოდები გვეხმარება სკანირების სტატისტიკის მონიტორინგში, რაც მომხმარებლის ქცევის შესწავლაში გვიწყობს ხელს.

ამ ტექნოლოგიის საშუალებით ბიზნესი უზრუნველყოფს მომხმარებლის უწყვეტ გამოცდილებას, რაც მის კონკრეტულ გვერდებზე გადამისამართებას, URL-ების აკრეფის გარეშე გულისხმობს.

QR კოდები შესანიშნავი საშუალებაა ბიზნესებისთვის, რომ გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა და ძალისხმევის გარეშე.

სწორედ ამ ყველა უპირატესობის გათვალისწინებით, ეს ტექნოლოგია დროსთან ერთად, კიდევ უფრო იხვეწება… რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მომავალში, QR კოდების გამოყენების გზები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

 

ყველა ბლოგი