IOS18 რევოლუციურ განახლებას გვპირდება

სულ ცოტა ხნის წინ, გამოითქვა ვარაუდი, რომ Apple-ის IOS 18-ის განახლების ფარგლებში, სმარტფონის ოპერაციულ სისტემაში ჩაშენებული აპლიკაციები AI-თ აღიჭურვება.

ერთი შეხედვით, აპები, როგორებიცაა Notes, Mail, Photos, Fitness და სხვა, დღესაც დამაკმაყოფილებლად ფუნქციონირებს, თუმცა მაინც ოდნავ მოძველებული ინტერფეისით და შესაძლებლობებით.

ცხადია, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ ახალ სიმაღლეებზე აიყვანს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს „კაპიტალური რემონტი“ ახალ სიტყვას იტყვის ეფლის მომხმარებლების ტელეფონთან ურთიერთობაში.

„დეტალური ინფორმაციის არქონის ფონზეც კი მარტივად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ განახლების შედეგად, ფუნქციონალური ნაწილი საგრძნობლად დაიხვეწება.

ეს კი, თავის მხრივ, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას გამოიწვევს“. – განაცხადა Bloomberg-ის მთავარმა კორესპონდენტმა მარკ გურმანმა, Apple-ის IOS18-ის მიმოხილვისას.

დარგის ექსპერტების კულუარული საუბრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, Apple მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ, პარალელურ რეჟიმში, Open AI-ს და Google-ს ესაუბრება.

რომელ მათგანს აირჩევს თანამშრომლობისთვის ტექნოლოგიური გიგანტი, ამას მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციაზე გავიგებთ, რომელიც 10 ივნისს გაიმართება.

ამბობენ, რომ აღნიშნულ კონფერენციაზე Apple საკუთარ ენობრივ მოდელსაც წარადგენს, თუმცა AI-ს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამის შანსი მაინც გაცილებით დაბალია.

ერთი, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ის არის, რომ IOS18 ნამდვილად რევოლუციურ განახლებას გვპირდება, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან მჭიდრო კავშირით იქნება გამოხატული.

 

ყველა ბლოგი