AI სერვისებზე წვდომა Firefox-ში
ყველასთვის ცნობილია, რომ ინტერნეტ ბრაუზერები თავიანთ პროდუქტებს აქტიურად ამატებენ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებს.
ამჯერად ყურადღება Mozilla-ზე შევაჩეროთ, რომელიც ცდილობს, ამ საკითხში, არჩევანი თავად მომხმარებლის პრეროგატივად აქციოს.
სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიამ ამის შესახებ განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საინტერესო ექსპერიმენტს იწყებს.
უფრო კონკრეტულად კი, მომხმარებელს Firefox-ის ექსპერიმენტულ ვერსიაში, Nightly-ში, სხვადასხვა AI სერვისზე წვდომის საშუალება მიეცემა და არჩევანსაც საკუთარი სურვილის მიხედვით გააკეთებს.
ამ გზით კომპანია რისკებისთვის თავის არიდებას ცდილობს და Firefox-ის ბეტა ვერსიის გამოშვებამდე გამოცდილების გაუმჯობესებას გეგმავს.
ჯერჯერობით ექსპერიმენტში მონაწილე მომხმარებლებს არჩევანის გაკეთება ChatGPT-ს, Google Gemini-ს, HuggingChat და Le Chat Mistral-ს შორის მოუწევთ, ასეთია Mozilla-ს თავდაპირველი შეთავაზებები.
თუმცა კომპანია გეგმავს, რომ სულ ცოტა ხანში, ამ სიას კიდევ რამოდენიმე AI სერვისი შემატოს.
„ხელოვნური ინტელექტის სერვისებში არჩევანის ქონა მრავალი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი“, – წერს Firefox-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, იან კარმაიკლი თავის ბლოგპოსტში.
„პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ერთ პროვაიდერში ჩაკეტილად ყოფნა არასწორია. თქვენ უნდა გქონდეთ არჩევანის საშუალება და შეგეძლოთ თქვენს პრეფერენციებზე მორგებული AI სერვისის მიღება. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით არცერთი AI მოდელი არ არის სრულყოფილი. ყველა მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა ისინი განვითარების ეტაპზე არიან. არჩევანის საშუალების ქონა მომხმარებლებს მათი გატესტვის და უამრავი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას მისცემს. ასე ისინი მათთვის სასურველი AI მოდელის პოვნას შეძლებენ, რომელიც მათი პრობლემების გადაჭრის და ყველანაირ კითხვაზე პასუხის გარანტია გახდება.“
სასურველი ხელოვნური ინტელექტის სერვისის არჩევის შემდეგ, მომხმარებლებს შეეძლებათ ჩატბოტს ვებ გვერდზე ინფორმაციის შეჯამება თხოვონ. ასევე გაამარტივებინონ ენა და გადაამოწმებინონ ინფორმაცია.
ახალი შეთავაზების იდეა საკმაოდ საინტერესოა. ამ გზით მომხმარებელი მოახერხებს გამოსცადოს სხვადასხვა ჩატბოტი და მისთვის სასურველი აირჩიოს.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ შეთავაზება მხოლოდ ერთი ჩატბოტის არჩევას არ გულისხმობს.
მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ ლავირების საშუალება გექნებათ და თუ მხოლოდ რომელიმე ერთ AI სერვისზე შეჩერდებით, ეს მხოლოდ თქვენი კეთილი ნება იქნება.
Mozilla-მ აღნიშნული ექსპერიმენტის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Google და Microsoft, თავიანთ ბრაუზერებში AI ჩატბოტები დაამატეს.
მათ მალევე შეუერთდნენ Opera და DuckDuckGo, რომლებმაც ასევე გადაწყვიტეს მომხმარებელს ვებგვერდების შეჯამებისა და კითხვების დასმის საშუალება მისცენ.