როგორ ააშენო ბრენდი ნულიდან

ბევრი ფიქრობს, რომ ბრენდის ნულიდან შექმნა შორეული, თითქმის მიუღწეველი მიზანია.

ხშირად გვგონია, რომ ამისთვის საჭიროა ასეულობით ათასი ლარი, უზარმაზარი მარკეტინგის ბიუჯეტი და მსოფლიო დონის სააგენტოები.

სინამდვილეში, სწორი ხედვით, მკაფიო სტრატეგიითა და სისტემატური მუშაობით, ბრენდის ჩამოყალიბება უმცირესი რესურსებითაც შესაძლებელია.

თუ მცირე სტარტაპის, ონლაინ მაღაზიის ან სერვისზე ორიენტირებული ბიზნესის წამოწყებას აპირებ და გაინტერესებს, როგორ ააშენო ბრენდი ნულიდან, კითხვა ყურადღებით გააგრძელე. დღევანდელ ბლოგში ბრენდის სწორად შექმნის ნაბიჯებს განვიხილავთ.

რა არის ბრენდი?

ბრენდი მხოლოდ ლამაზი ვიზუალური სტილი და ლოგო არ არის. ის იმ შეგრძნებების და გამოცდილებების ჯამია, რომელიც ადამიანებს შენს კომპანიასთან, პროდუქტთან თუ სერვისთან ურთიერთობისას უჩნდებათ.

ბრენდი 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება: აღქმა, ემოცია და გამოცდილება.

ვინ ხარ და რატომ არსებობ?

ყველაფერი მარტივი კითხვით იწყება. „საერთოდ რატომ ვაკეთებ ამას?“

განსაზღვრე რა არის შენი მისია (რას ქმნი და ვისთვის)? როგორია შენი ხედვა (როგორ წარმოგიდგენია შენი ბიზნესი მომავალში)?

და რაც ყველაზე მთავარია – რა პრინციპით ხელმძღვანელობ?

დღეს მომხმარებელი არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ ბრენდის ისტორიას, მის ხედვასა და ღირებულებებს ყიდულობს.

ვინ არის შენი აუდიტორია?

მარკეტინგში არსებობს ასეთი ტერმინი – Buyer Persona და ის ბიზნესისთვის იდეალური კლიენტის ერთგვარ პროფილს ნიშნავს.

განსაზღვრე ვინ არიან შენი პოტენციური მომხმარებლები, რა პრობლემები აქვთ, რას ეძებენ, როგორ შეძლებს შენი პროდუქტი მათი ცხოვრების გამარტივებას.

კონკურენტების ანალიზი და სწორი პოზიციონირება

თუ არ გაიგე რა ხდება ბაზარზე, ბრენდს ნულიდან ვერასდროს ააშენებ. საჭიროა შენი კონკურენტები კარგად შეისწავლო, განსაზღვრო მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.

მხოლოდ ამის შემდეგ მოგეცემა შანსი – იყო მათზე უკეთესი. რაც შეეხება სწორ პოზიციონირებას, ჩათვალე, რომ ეს არის შენი პასუხი ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე „რატომ უნდა აგირჩიონ შენ და არა სხვა?“ თუ მომხმარებელს რაღაც ახალს და ღირებულს არ შესთავაზებ, იქნები „ერთ-ერთი“ და არა „ერთადერთი“.

სახელი და ვიზუალური იდენტობა

იმაზე არავინ დაობს, რომ ბრენდის სახელი და ვიზუალური სტილი ნამდვილად ქმნის პირველ შთაბეჭდილებას.

სწორედ ამიტომ, სახელი უნდა იყოს მარტივი, ადვილად დასამახსოვრებელი და ბრენდის ღირებულებებთან ასოცირებული. ლოგო, ფერები და შრიფტები კი იდეალურად გამოხატავდეს მის ხასიათს.

მაგალითად Nike მხოლოდ სპორტული სამოსის ბრენდი არ არის. ეს არის ენერგიის, გამარჯვებისა და მოძრაობის სიმბოლო.

ბრენდის ტონი და საკომუნიკაციო ენა

როგორ ესაუბრები შენს კლიენტებს? ოფიციალური ხარ, თუ მეგობრული? თანამედროვე, თუ ტრადიციული?

სერიოზული, თუ იუმორით დატვირთული? გახსოვდეს, რომ სწორად განსაზღვრული საკომუნიკაციო ენა მნიშვნელოვანია და ის ყველა არხზე ერთნაირად უნდა ჟღერდეს. (ვებსაიტზე, სოციალურ ქსელებში, რეკლამებში, მომხმარებელთან კომუნიკაციაში).

წარმატებულად ყოფნა ონლაინ სივრცეში

ფაქტია, რომ დღეს ვერანაირი ბრენდი ინტერნეტის გარეშე ვერ აშენდება. გამართული ვებსაიტი შენი ბრენდი სახეა და მასზე რაიმე ტიპის რესურსის დაზოგვა უბრალოდ სისულელეა.

საჭიროა მოწესრიგებული გქონდეს სოციალური მედიის გვერდებიც, რადგან მომხმარებელს, ყველაზე აქტიურად, სწორედ მათი მეშვეობით ეკონტაქტები. გახსოვდეს, რომ სწორი კონტენტ მარკეტინგი აძლიერებს ნდობას და შენს პოტენციურ კლიენტებს რეალურ მომხმარებლებად გარდაქმნის.

მოთმინება და ზრდა

ბრენდის შექმნა ერთ დღეში არ ხდება. ეს არის გზა, რომელიც თანმიმდევრულობას, ემოციურ კავშირს და მოთმინებას მოითხოვს.

რეგულარული კომუნიკაცია და ხარისხიანი ვიზუალი ქმნის სტაბილურობას. რეალური ისტორიები და მოხმარებლის მოსმენა აძლიერებს ნდობას.

აუდიტორიასთან ემოციური ბმა კი ის ძალაა, რომელიც ბრენდს ნამდვილ ღირებულებას ანიჭებს.

სწორედ ამიტომ Apple ასოცირდება ინოვაციასთან, Coca-Cola ბედნიერებასთან, Patagonia კი პასუხისმგებლობასთან.

 

და ბოლოს, გახსოვდეს, იმისათვის, რომ ძლიერი ბრენდი შექმნა, საჭიროა მუდმივი მუშაობა, სიახლეებთან ადაპტირება და გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება.

ყველა ბლოგი