ძველი კონტენტის ახალი სიცოცხლე
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, ხარისხიანი კონტენტი, ციფრულ სამყაროში წარმატებით ოპერირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
აუდიტორია სწრაფად იღებს ინფორმაციას და სწრაფადვე ივიწყებს მას, სწორედ ამიტომ, კონტენტის წარმოების ტემპი დღითიდღე იზრდება.
მარკეტერები მუდმივად იმის ფიქრში არიან, თუ როგორ შექმნან საკმარისი რაოდენობის, მაღალი ხარისხის, მიმზიდველი კონტენტი, რომელიც აუდიტორიის შენარჩუნებაში დაეხმარება.
ამ დროს, ძველი კონტენტი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება შეიცავდეს ისეთ შინაარსს, რომელიც დღესაც აქტუალურია.
სწორედ აქ შემოდის თამაშში კონტენტის გადამუშავების სტრატეგია, რომელიც არა მხოლოდ დროისა და ენერგიის დაზოგვაში, არამედ არსებული ნამუშევრის ეფექტურობის ზრდაში გვეხმარება.
რას ნიშნავს კონტენტის გადამუშავება?
კონტენტის გადამუშავება გულისხმობს მასალის ხელახლა გამოყენებას – იმგვარად, რომ ის ახალ თუ არსებულ აუდიტორიას განსხვავებული კუთხით მიეწოდოს.
მაგალითად, 2021 წელს დაწერილი გაქვს კარგი ბლოგი SEO სტრატეგიის შესახებ. ახლა შეგიძლია იგივე შინაარსი ვიდეოდ აქციო, ან შექმნა ვიზუალური ინფორგრაფიკა და ამ გზით მიაწოდო აუდიტორიას.
მოკლედ, წარმოიდგინე, რომ საუბრობ იგივე თემაზე, თუმცა, თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოგყავს ახალი მაგალითები და აჩვენებ ახალ მიდგომებს.
რა პლიუსები აქვს ძველი კონტენტის გადამუშავებას?
პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს SEO სარგებელი. Google-ს უყვარს ახალი შინაარსი, ის შეიძლება „დაინტერესდეს“ შენი გადამუშავებული კონტენტით და საძიებო სისტემაში მაღალი პოზიცია მოგანიჭოს.
გარდა ამისა, გადამუშავებული კონტენტით აუდიტორიის გაფართოება შეგიძლია. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ზოგს ბლოგის კითხვა მოსწონს, ზოგი ვიდეოებს უყურებს, ზოგი კი მხოლოდ პოდკასტებით არის დაინტერესებული.
ერთი და იგივე ინფორმაცია შეგიძლია სხვადასხვა ადამიანს, სხვადასხვა ფორმატში, მათი ჩვევებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე მიაწოდო.
როგორია კონტენტის გადამუშავების გზები?
- ბლოგის ვიდეოკონტენტად გადამუშავება
არსებული მასალიდან შეგიძლია აიღო ყველაზე აქტუალური ბლოგი და ის მოკლე ვიდეოდ ან რილად (reel) გარდაქმნა.
მაგალითად, თუ ბლოგი დიზაინის ტრენდებს შეეხება, შეგიძლია გადაიღო ვიდეო „Top 5 დიზაინის ტრენდი 2025 წლისთვის“ და Youtube-ზე ან TikTok-ზე განათავსო.
- ბლოგის პოდკასტად გადამუშავება
თუ გაქვთ თემები, რომლებიც სიღრმისეულ განხილვას საჭიროებს, შეგიძლიათ ეს პოდკასტის მეშვეობით გააკეთოთ. მოწვეული სტუმრები და დისკუსია შინაარსს ახალ სიცოცხლეს შესძენს.
- ბლოგიდან სოციალური მედიის პოსტებად გადამუშავება
შეგიძლია ბლოგი წინადადებებად ან აბზაცებად დაყო, მნიშვნელოვანი ფრაზები კი Facebook-ის და Instagram-ის პოსტებად აქციო.
ძველი კონტენტის გადამუშავების კიდევ უამრავი გზა არსებობს, თუმცა მთავარი გადასამუშავებელი შინაარსის სწორად შერჩევაა.
ამისთვის შეგიძლია Google Analytics S ან Search Concole გამოიყენო და ნახო, რომელი ბლოგი იყო ყველაზე პოპულარული.
მოკლედ, ძველი კონტენტის ახალი სიცოცხლე გაძლევთ შანსს, რომ ძველი თემები აუდიტორიას ახალ კონტექსტში მიაწოდოთ და ამ გზით, მეტი ვიზიტორი მოიზიდოთ.
გახსოვდეთ, რომ ციფრული სამყაროს მომავალი „ჭკვიან“ კონტენტ მარკეტინგს ეკუთვნის.