კიბერუსაფრთხოება
თანამედროვე სამყაროში, კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, როგორც ცალკეული ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანია, ასევე ბიზნესებისთვის.
კომპანიები, თავის მხრივ, იცავენ კლიენტთა მონაცემებსაც და შესაბამისად, მათთვის კიბერუსაფრთხოება პრიორიტეტების სიის მოწინავე ადგილს იკავებს.
კონკრეტულად რას გულისხმობს კიბერუსაფრთხოება?
კიბერუსაფრთხოება კიბერშეტევებისა და არაავტორიზებული შეღწევისგან მოწყობილობების, ქსელების, სერვერების და სისტემების აქტიური დაცვაა.
მას ასევე კიბერთავდაცვასაც უწოდებენ და ის მოიცავს ყველაფერს, დაწყებული ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფით, დასრულებული პროგრამებით, რომლების თანამშრომელთა ცნობიერების ასამაღლებლად არის შექმნილი.
გავრცელებული კიბერსაფრთხეები
ალბათ ყველას გსმენიათ ფიშინგის შესახებ. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბერდანაშაულია.
ამ ტერმინით მოიხსენიება პროცესი, როცა კიბერკრიმინალი მოიპოვებს სამიზნის სენსიტიურ, პერსონალურ მონაცემებს და მას ფინანსური სარგებლისთვის, ან სხვა მიზნის მისაღწევად იყენებს.
შეტევის დროს იგზავნება მეილი ან შეტყობინება სოციალურ ქსელში და ის, ერთი შეხედვით, ძალიან გავს ბანკის, ან სხვა სანდო ორგანიზაციის გზავნილს.
ხშირად სანდოობის მოპოვებისთვის შეტყობინებაში ჩართულია ლინკები და სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებიც. სწორედ მათი გახსნის შედეგად ხდება მსხვერპლის ისეთი ინფორმაციის მოპოვება, როგორიცაა ბარათის მონაცემები, პაროლები და სხვა.
Malware, იგივე მავნე პროგრამები მოიცავენ ვირუსებს, რომლებსაც შეუძლიათ შემოაღწიონ თქვენს მოწყობილობაში.
ხშირ შემთხვევაში, მათი მიზანი კომპიუტერული ქსელის, სისტემისა და სერვერის დაზიანება და ამ გზით, უკანონო წვდომის მოპოვებაა.
როგორც წესი, ისინი კომპიუტერში არასანდო ჩამოტვირთვებით ხვდებიან.
ასევე არსებობს მეთოდი Brute Force, იგივე უხეში ძალით შეტევა. ამ დროს კიბერკრიმინალი კოდების, პაროლებისა და შიფრების გასატეხად ყველა შესაძლო კომბინაციას იყენებს.
რაც შეეხება DdoS (Distributed denial of service) შეტევას, ის გულისხმობს ერთდროულად მრავალი კომპიუტერიდან წარმოებულ კიბერშეტევას.
შექმნილი ტრაფიკის შედეგად ხდება ავარია, რომელიც ბიზნესის შეფერხებას და ბევრ სხვა პრობლემას იწვევს.
ითვლება, რომ DdoS შეტევა კიბერთაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფეეტური ხერხია.
და ბოლოს, DoS (Denial of service) შეტევა, რომელიც მიზნად დიდი რაოდენობის უსარგებლო ტრაფიკის გაგზავნით ქსელის მწყობრიდან გამოყვანას ისახავს.
მომსახურებაზე უარის თქმა ხდება მაშინ, როცა ისეთი სისტემა, როგორიც ვებსერვერია, არალეგიტიმური მოთხოვნებით გადაივსება და მას ლეგიტიმურ მოთხოვნებზე პასუხის საშუალებას არ მისცემს.
რატომ არის კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის
არავინ დაობს იმაზე, რომ პრესონალური ინფორმაციის გაჟონვა დიდ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ის ბიზნესისთვისაც არანაკლები ზიანის მომტანია…
მითუმეტეს დღეს, როცა მათი აბსოლუტური უმეტესობა სწორედ ციფრული ტრანფორმაციის გზას ირჩევს.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად, კიბერშეტევები ორგანიზაციებს ძალიან ძვირად უჯდებათ.
ამ სიტყვის, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, რომელშიც რეპუტაცია, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი მამოძარევებელი ძალა იგულისხმება.
ჩვენს შემდეგ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ იმ სფეროებს, რომლებისკენაც კიბერუსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად უნდა იყოს მიმართული და კიბერთავდაცვის საუკეთესო პრაქტიკებზეც მოგიყვებით.