რას გვიპირებს ფეისბუქი

მეტას სამზარეულოდან ინფორმაციამ გამოჟონა. ამჯერად არა მეტავერსზე, არამედ თვითონ ფეისბუქზე.  პირველადი შეფასებით ისე ჩანს, თითქოს ტურბულენტობის ზონაში შევდივართ.

შეიძლება ჯერ საგანგაშო არაფერია, მაგრამ ძველი ყაიდის ფეისბუქელებს მაინც გირჩევთ უსაფრთხოების ღვედები გადაიჭიროთ და კითხვა ისე განაგრძოთ.

მოდით ვნახოთ, რას გვიპირებს ფეისბუქი და რამდენად გვაქვს პანიკის საფუძველი…

 

მოკლედ, განახლებული ფეისბუქის მთავარი ცვლილება მომხმარებლისთვის Feed-ის  პრიორიტეტული კონტენტის მიხედვით დალაგება იქნება.

მნიშვნელობა აღარ ექნება რას დაწერს თქვენი მეგობარი, მისი აღმატებულება ხელოვნური ინტელექტი პირველად იმას შემოგთავაზებს, რაც თავისი აზრით ყველაზე მეტად გაინტერესებს.

თეორიულად, შეიძლება მთელი დღე ისე გავიდეს, რომ მეგობრის სტატუსი საერთოდ ვერ წაიკითხო.

დიახ, ფეისბუქისთვის მეგობრობის ინსტიტუტი მეორეხარისხოვანი ხდება.

 

კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლე Stories და Reels-ის პანელის განახლებაა.

ის აპლიკაციის ზედა მთავარ ნაწილში განთავსდება, თანაც ბევრად დიდად, ვიდრე ახლაა. მხოლოდ შემდეგ, ქვემოთ მოჰყვება უკვე ტექსტები.

მიხვდი ხომ რაც ხდება?  მთავარი კონტენტი ვიდეო იქნება! რაღაცას გავს აშკარად…

ცოტა არაფეისბუქურია…

და თუ ამან შეგაშფოთა, მარტო არ ხარ!  ფეისბუქის გურუებიც შეშფოთებულები არიან.

საერთოდ ამ Reel-ების და მოკლე ვიდეოების დამატებაც რას ნიშნავდა?!

მაგრამ ეს ბიზნესია. ბიზნესი კი ამბობს, რომ დღეს მასებს ვიდეოები მოსწონთ.

ამიტომ ბოდიში დიდი ტექსტების მოყვარულებო, მწერლებო და მკითხველებო. თუ პატარა ვიდეოები თქვენს გემოვნებაში არ ჯდება, თქვენ დღეს უმცირესობაში ხართ.

რას ვიზამთ, ასე მოიტანა ცხოვრებამ.

 

ამ ეტაპზე რთული სათქმელია რას მოუტანს ფეისბუქს ტიკ ტოკის დევნა, თუმცა აშკარაა მეტას ბოსები „ჩათრევას ჩაყოლა ჯობია“-ს პრინციპით ხელმძღვანელობენ.

როგორც ჩანს, ჩანაფიქრი ასეთია: ალგორითმიც და ვიზუალური მხარეც მეტად დაემსგავსოს ტიკ ტოკს, თუმცა ამის მიუხედავად, ძველი დიდება და უნიკალურობაც შენარჩუნდეს.

მოკლედ, ეს ყველაფერი ორი კურღლის დევნას გავს.

გავიხსენოთ, რომ არსებობს ტვიტერი, რომელიც ცარიელი ტექსტია და თუ ტიკ ტოკი ცარიელი ვიდეოა, ფეისბუკი ჰიბრიდობას ხომ არ აპირებს?!

მიუხედავად იმისა, რომ ციფრები ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ მეტყველებს და ვიდეოებიც მეტად ტრენდული ხდება, საფრთხე, რომ ფეისბუქი რელსებიდან გადავა მაინც დიდია.

 

ყველაფერთან ერთად ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთ-ერთი ძირითადი თავის ტკივილი მეტასთვის ამ ვიდეოების გაფილტვრა გახდება.

ტექსტისგან განსხვავებით ვიდეოს ნახვას და გადამოწმებას ასჯერ მეტი დრო და თანხები დასჭირდება…

და თუ ვინმეს რამე გაეპარება, მერე ნახეთ კონგრესში ახსნა განმარტებებზე სირბილი…

თუმცა როგორც ჩანს, ფეისბუქის ბოსებს ეს ყველაფერი გათავისებული აქვთ და მზად არიან დიდი რისკების მიუხედავად, დიდი ცვლილებები განახორციელონ!

მოკლედ, ისღა დაგვრჩენია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

ცვლილებების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, ამიტომ თუ ვიდეოების გადაღებაში არც ისე ძლიერები ვართ, ჯერ კიდევ არის დრო „დავამუღამოთ“.

ვისთვისაც ყურებაა უცხო – ვუყუროთ, იქნებ შეგვითრიოს კიდეც.

მოკლედ, ამბობენ ყველაფერში დადებითი უნდა ეძებოო, ჰოდა ვეძებოთ…

ვეძებოთ და აუცილებლად ვიპოვით!