რამდენად ეფექტურად მართავ სოციალურ ქსელებს?
საიდუმლო არ არის, რომ ბიზნესი სოციალურ მედიაში დღითიდღე მეტ თანხას ხარჯავს.
ეს სწორედ ის ეფექტური და „იაფიანი“ გზაა, რომლითაც კომპანია მომხმარებელს საკუთარ პროდუქციას აცნობს.
დიახ, უამრავ ტრადიციულ მარკეტინგულ ხელსაწყოს შორის, ალბათ სწორედ სოციალური მედია მოიპოვებდა მის, ან მისტერ „ყველაზე შეღავათიანი“-ის ტიტულს.
დღეს სულერთია რა მომსახურებას, ან პროდუქტს ყიდი, შენი პოტენციური მომხმარებელი სოციალური ქსელების მომხმარებელიც არის და ის „სქროლავს“…
თანაც, ძალიან ბევრს…
შთამბეჭდავია! გაქვს ბიზნესი, აკეთებ ფეისბუქ გვერდს და შენი კომპანიის გემით მომხმარებლებით სავსე ოკეანეში შეცურავ…
მერე წყალში ანკესს გადააგდებ და ისინი შენი გახდებიან, თუმცა საქმე არც ასე მარტივადაა.
ამ ოკეანეში შენი კონკურენტი გემებიც ცურავენ და მათაც აქვთ ანკესები.
გამოდის, აქ უკვე იმაზეა საქმე, ვისი ანკესი უფრო ხარისხიანია და ვინ უფრო კარგად ფლობს თევზაობის ტექნიკას. ალეგორიებს თავი რომ დავანებოთ და პირდაპირ ვილაპარაკოთ,
აქ გადამწყვეტია რამდენად ეფექტურად მართავ სოციალურ ქსელებს.
სოციალური ქსელების მართვა უამრავ კომპონენტს მოიცავს და ძალიან კომპლექსური საქმეა, თუმცა დავიწყოთ იმ აუცილებელი ნაბიჯებით, რომლებიც ყველასთვის საერთოა:
- ბიზნეს გვერდის შექმნა (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტიკტოკი, ლინკდინი და სხვა);
- გვერდის ბრენდირება (ქოვერი, პროფილის ფოტო, დიზაინის შექმნა);
- სარეკლამო სტრატეგიის ჩამოყალიბება;
- კონტენტის შექმნა და სარეკლამო კამპანიების გაშვება;
- სარეკლამო კამპანიების მონიტორინგი;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
- რეპორტინგი შედეგების შესახებ.
აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ამ სფეროში არ არსებობს რაიმე ტიპის შაბლონი.
ციფრულ მარკეტინგში ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.
სტრატეგია, რომელიც ეფექტურია სარესტორნო ბიზნესისთვის, შეუძლებელია ასევე ეფექტური იყოს სამშენებლო საქმიანობისთვის.
ტენდენციები და თამაშის წესები კი ისე სწრაფად იცვლება, რომ ის, რაც მშვენივრად მუშაობდა შარშან, დიდი ალბათობით წელს აღარ გამოგადგება.
ყველაფრი ზემოთ თქმულის მიუხედავად, კომპანიები, როგორც სხვა ყველაფერში, ისე სოციალური ქსელების მართვაშიც ცდილობენ თანხების დაზოგვას, თანაც გაასმაგებული ენთუზიამით.
ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არსებობს მითი, თითქოს ამ საქმის კეთება ყველას შეუძლია. ხშირად, ბიზნესის მფლობელები თავად „მართავენ“ სოციალურ ქსელებს, რასაც ჩემი მოკრძალებული აზრით, ისინი სრულ კრახამდე მიყავთ.
ეს განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესს ეხება.
სამოყვარულო დონეზე გადაღებული ფოტო, რომელსაც ხშირად გრამატიკული შეცდომებით გაჯერებული ტექსტი ახლავს თან, პროდუქტს იმაზე მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ასეთი კონტენტის ვინმესთვის გაზიარება უბრალოდ უხერხულობას იწვევს.
მოკლედ, ამ საქმეში „ყველაფერშიკობის“ ფარგლებში მოქმედება არ ღირს.
არ შეიძლება სრულიად განსხვავებული კვალიფიკაციისს მქონე თანამშრომელს ადგე და ასე უბრალოდ დაავალო გახდეს სოციალური მედიის მენეჯერი. ამ საქმეს ნურც მეზობლის ბავშვს ანდობთ და ნურც ახლობელს, რომელიც მაგარ სთორებს დებს.
იმისთვის, რომ პროფესიონალური მომსახურება მიიღო, გამოცდილი გუნდის დახმარება გჭირდება და როგორც წესი გამოსავალი აუთსორსშია.
საქმე რომ გაგიადვილო, უბრალოდ წარმოიდგინე რისგან შედგება შენი ბიზნესის რეკლამა:
პირველი – ტექსტი;
მეორე – ვიზუალური კონტენტი (ფოტო/ვიდეო);
მესამე – ამ ყველაფრის აუდიტორიამდე მიტანა (რეკლამის სწორად გაშვება).
ახლა დაფიქრდი და გულწრფელად თქვი, რამდენი ადამიანის საქმე გგონია ეს ?
მე მინიმუმ სამი დავთვალე…
პლატფორმების რაოდენობაც ნუ დაგავიწყდება, რადგან ყველგან იდენტური კონტენტის პოსტვა მაინცდამაინც რეკომენდებული არ არის, თუმცა ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.
ახლა ცოტა სტატისტიკაც!
დღეს ადამიანების 74% ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას სოციალურ ქსელებს იყენებს, 80% რჩევას ამა თუ იმ პროდუქტზე ასევე სოციალური ქსელიდან იღებს.
თუ შესაძლებელია შენი კომპანიის თვალისმომჭრელი გვერდით მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივო, რას ელოდები?!