ვებ დეველოპმენტი – საშინლად მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც კოლოსალურ სარგებელს მოგიტანს
იყო დრო, როცა ბიზნესისთვის ვებ გვერდის შექმნა მხოლოდ პრესტიჟის საქმე იყო. წარწერა „საიტის დამზადება“ კომპანიების To Do List-ებში სულ უფრო და უფრო საპატიო ადგილს იკავებდა.
მაშინ მეც საკუთარი ბიზნესი და იმის ამბიცია მქონდა, რომ ინტერნეტის რეალურ ძალას მეტნაკლებად ობიექტურად ვაფასებდი. ახლანდელი გადმოსახედიდან, ჩემი უტიფრად გაუმართავი ვებ გვერდით ძალიანაც ვამაყობდი.
ნელნელა უფრო და უფრო მეტ სავიზიტო ბარათზე გაჩნდა ვებ გვერდების მისამართები.
საბოლოოდ ერთსულოვნად შევთანხმდით, რომ სოლიდურ ბიზნესს, მიუხედავად იმისა, თუ რას და როგორ ყიდდა ის, ვებ გვერდი აუცილებლად უნდა ქონოდა.
როგორი უნდა ყოფილიყო ეს ვებ გვერდი, ეს უკვე ცოტათი ბუნდოვანი იყო.
იმ დროისთვის ონლაინ გაყიდვები და ელექტრონული კომერცია ჯერ კიდევ ემბრიონის მდგომარეობაში იყო.
ბევრს ვებ გვერდის პირდაპირი სარგებლის მკაფიოდ დანახვა უჭირდა. ძალიანაც ენანებოდათ დროის და ფულის „გაურკვეველ რამეში“ ფლანგვა, თუმცა ცდილობდნენ ტენდენციებისთვის ფეხი აეწყოთ…
ამიტომ ვებ დეველოპერებს, ან ხშირად უბრალოდ მათთან დაახლოვებულ პირებს ასეთი ტიპის მოთხოვნით მიმართავდნენ: “კაი საიტი მინდა”.
რას ფიქრობდნენ ასეთ დაკვეთაზე ვებ დეველოპერები ამაზე სხვა დროს მოგიყვებით…
ფაქტია, რომ ასეთი „სიზუსტის“ დავალების მიცემა, ვებ გვერდისადმი დამოკიდებულებას საკმაოდ ირონიულს ხდიდა
გამოხდა ხანი, ცხოვრება წინ წავიდა.
ინტერნეტის სისწრაფემ, გაჯეტებმა, ელექტრონული კომერციის სრულმა ჰეგემონიამ, სოციალურმა ქსელებმა და შესაბამისად ინფორმაციული ცუნამის გამანადგურებელმა ტალღებმა ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა…
და რა ხდება ჩვენთან ამის პარალელურად?
რა ხდება და… იმ ძველი პრესტიჟული ბიზნესების უმრავლესობას, ათწლეულების წინ თავს რომ იწონებდნენ საიტიც გვაქვს და აიტიშნიკიცო, (ზოგი “გვაქვსს” ხმარობდა, ზოგი “გვყავსს”) ისევ იმ ათწლეულების წინანდელი ვებ გვერდები აქვთ…
არადა მათი უმრავლესობა საკმაოდ გაიზარდა და გაიფურჩქნა.
ბევრი ბიზნესი ქვეყნის მასშტაბებსაც კი გაცდა, მაგრამ შეეცდები მოხვდე მათ ვებ სივრცეში და… უბრალოდ ვერ მოხვდები.
აქ არ არის საუბარი უთანამედროვესი დიზაინის, ან ვერტკალურად ასქროლვადი კომპონენტების არ ქონაზე.
ეს ვებ გვერდები წლობით იტვირთება. თუ ნერვებმა არ გიმტყუნა და დაელოდე, აღმოაჩენ, რომ ლონდონის მიწისქვეშა ლაბირინთიდან უფრო იოლია გზის გაკვლევა, ვიდრე ამ ვებგვერდის მენიუში გარკვევა.
თუ მაინც მიაგენი საჭირო „თაბს“, აჭერ, ხსნი და სიცარიელე გხვდება…
სრული სიცარიელე და იმედგაცრუება… აჰ და მთავარი, თუ სმარტფონით ხარ… კარგი რბილად ვიტყვი, სმარტფონზე მორგებული არ არის, თანამედროვე გაგებით, უბრალოდ გამოუსადეგარია.
რატომ ხდება ეს დღეს, როდესაც ტექნოლოგიური ბუმის ეპოქაში, ფუნქციონალური ვებ გვერდის დამზადება საკმაოდ მოკლე დროში და ასტრონომიული დანახარჯების გარეშეა შესაძლებელი?!
როცა ვებ გვერდის სარგებლის ღიად და პირდაპირ დანახვა კი არა, დათვლაც მარტივია.
დღეს შენი ბიზნესის საქმიანობის სფეროს მიხედვით მარტივად შეგიძლია შესაფერისი ვებ გვერდი დაამზადო.
B2B ხარ? – აქეთ მობრძანდი!
B2C ? – აქეთ!
გალერეა ხარ? – კიბატონო!
მომხმარებელთან ინტერაქცია გინდა? – მიიღებ!
იმიტომ, რომ ძველი ბიზნესებისგან დავიწყებული ვებ დიზაინერებიც და დეველოპერებიც დიდი ხანია უკვე ვარსკვლავებს ეთამაშებიან… ახლა სწორედ მივიწყებული კავშირების და ჩანგრეული ხიდების აღდგენის დროა!
ყოველი გადადებული დღე, რაღაც კონკრეტული დაკარგული თანხაა!
ხშირად საქმიანი შეხვედრისას მითქვამს:
-თქვენს ვებ გვერდს ვესტუმრე და…
პასუხი უმეტესად ასეთია: “კიი, საიტი მისახედი გვაქვს”.
ჰოდა მიხედე, სასწრაფოდ მიხედე!
ვებ დეველოპმენტი – საშინლად მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც კოლოსალურ სარგებელს მოგიტანს.