ჭკვიანი საგნების ინტერნეტი

წარმოიდგინეთ დილას იღვიძებთ და ხელ-პირს იბანთ, პარალელურად თქვენი ყავის აპარატის ჩართვის ხმა გესმით, გაზქურაზე კი ომლეტი იბრაწება…

არადა თქვენი მეუღლე სახლში არ არის.

უფრო მეტიც, თქვენ მეუღლე საერთოდ არ გყავთ და სახლშიც მხოლოდ თქვენ ხართ. აბა რა ხდება?!

რა ხდება და ჭკვიანი პირსაბანი ყავის აპარატს დაუკავშირდა და აცნობა, რომ ბატონი უკვე პირს იბანს და მალე ყავაც მოუნდება. ყავის აპარატი არ დაიბნა, საქმეს  მყისიერად შეუდგა და თან გაზქურას შეტყობინება გადასცა, ომლეტის გაკეთების დროაო.

საუზმის შემდეგ სახლიდან პარკინგზე გადიხართ და მანქანის უკანა სავარძელში თავსდებით.

არა იმიტომ, რომ მძღოლი გყავთ, უბრალოდ თქვენმა მანქანამ ზუსტად იცის სად და რა გზით მიგიყვანოთ.

ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, ცოტა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის სცენარს გავს, არა?

სინამდვილეში კი მე-5-ე თაობის უსადენო ინტერნეტის დანერგვის შემდეგ, ყველა ჩემს მიერ აღწერილი მოვლენა, სრულიად რეალისტური გახდება.

5G არ არის მხოლოდ სწრაფი ინტერნეტი, ან ახალი ტექნოლოგია. ის კაცობრიობის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისია, რომელსაც ისევე, როგორც ყველა სიახლეს, თავისი თაყვანისმცემლები და მოწინააღმდეგეები ყავს.

ადამიანებისთვის, რომლებსაც ზოგადად ტექნიკური პროგრესი, ჭკვიანი საგნების ინტერნეტი და ახალი სერვისების გააქტიურება აინტერესებთ, ყველაფერი მარტივად არის.

ფიზიკოსთა და ტექნოლოგთა გარკვეული ნაწილი კი შეშფოთებულია 5G-ს ანტენების გამოსხივებით და ადამიანებზე მავნე ზემოქმედებით.

მათი მტკიცებით, მე-5-ე თაობის მობილური ინტერნეტი სიმსივნისა და გენეტიკური მუტაციების რისკს ზრდის და უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებაზე. მათ მიერ გამოქვეყნებულ ერთერთ ანგარიშში ნათქვამია, რომ ქსელმა ვირთხებში სიმსივნის განვითარება დააჩქარა და 5G-ს მომხრეებს უსაფრთოების საკითხებზე დაფიქრება მოუწევთ.

პარალელურად ჩატარებული უამრავი კვლევა კი საპირისპიროს ამტკიცებს.

ამ გაწამაწიის ჟამს, კაცობრიობას „მხსნელად“ პანდემია მოევლინა და 5G-ს ირგვლივ შექმნილი ალიაქოთი ნაწილობრივ გადაფარა. მიუხედავად ამისა, 2020-დან 2022 წლამდე 5G ათზე მეტ ქვეყანაში გახდა ხელმისაწვდომი, ორმოცამდე სახელმწიფო კი ამ ტექნოლოგიის ჩაშვების რეჟიმშია.

და მაინც, რას მოუტანს კაცობრიობას 5G ტექნოლოგია, გარდა იმისა, რომ ყველას უსწრაფესი ინტერნეტი გვექნება?!

ის თვისობრივად წარმოშობს ახალ ბიზნესებს და ურთიერთობებს, მილიონობით სტარტაპს, რომელიც საშუალებას მოგვცემს ცხოვრება გაგვიადვილოს.

ერთი ის არის, რომ ამ სიახლეების დანერგვას მილიარდობით დოლარის ინვესტიცია დაჭირდება. ჩვენნაირი ღარიბი ქვეყანა კი ამას როდის მოახერხებს ჯერ კიდევ ბუნდოვანია…

ამიტომ შეგვიძლია ღრუბლებიდან ისევ დედამიწაზე დავეშვათ და ახალი პირატული საიტების ძებნა გავაგრძელოთ, სადაც ფილმების ყურებას უფასოდ შევძლებთ…

ყველა ბლოგი