საკომუნიკაციო ენა სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის

დამეთანხმებით, რომ დღეს ბრენდებს უფრო მეტი ჭირდებათ, ვიდრე უბრალოდ მიმზიდველი ლოგო და შთამბეჭდავი სლოგანი. ბრენდებს ჭირდებათ ხმა, საკომუნიკაციო ენა, რომელიც მიწვდება მათ აუდიტორიას და გამოარჩევს მათ კონკურენტებისგან.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სათქმელის შინაარსი, არამედ ის, თუ როგორ აკეთებ ამას.

ეფექტური ენის შემუშავებამდე, საჭიროა განისაზღვროს ბრენდის ხასიათი, გაირკვეს როგორია ის?

მეგობრული და ლოიალური?

ან იქნებ დახვეწილი და აკადემიური?

მხოლოდ ამის შემდეგ იქმნება Tone Of Voice – ძლიერი ინსტრუმენტი კომუნიკაციის უზარმაზარ სფეროში, რომელიც კავშირების დამყარებისთვის და აღქმის ფორმირებისთვის  გამოიყენება.

თუმცა, რაც კარგად ფუნქციონირებს ერთ სექტორში, შესაძლოა საერთოდ არ იყოს მომგებიანი მეორეში.

ეფექტური და წარმატებული საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა არც ისე მარტივი საქმეა, რადგან სწორედ ამ გზით ძლიერდება ბრენდი და იმკვიდრებს თავს საზოგადოებაში.

დღევანდელ ბლოგში გავიგებთ, როგორ იქმნება საკომუნიკაციო ენა სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის.

საკომუნიკაციო ენა არა მხოლოდ ცალკეული ბიზნესის ბუნებას ასახავს, არამედ უდიდესი როლი აქვს ბრენდის იდენტობის შექმნისა და პოზიციონირების საქმეში.

ყველა ინდუსტრიას საკუთარი გამორჩეული ღირებულებები და აუდიტორიის პრეფერენციები აქვს, რაც თავისთავად გავლენას ახდენს მათ საკომუნიკაციო ენაზე. მოდით, განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

 

ტექნოლოგიური ინდუსტრია

ტექნოლოგიური ინდუსტრია ხშირად მეგობრულ და ინოვაციურ საკომუნიკაციო ენას ირჩევს, რადგან მათი ძირითადი აუდიტორია ტექნიკურად გათვიცნობიერებული ახალგაზრდობაა.

ამის მაგალითია კომპანიები, Apple და Google, რომელთა Tone Of Voice საკმაოდ უშუალოა და ხშირად იუმორითაც კია გაჟღენთილი.

ეს თავის მხრივ, მომზმარებელში ხელმისაწვდომობის განცდას ქმნის და აყალიბებს მეგობრულ ურთიერთობას ბრენდსა და აუდიტორიას შორის.

 

ფინანსები და საბანკო საქმე

საფინანსო და საბანკო სექტორი, დიდი ხნის განმავლობაში, მოხმარებელთან საურთიერთობოდ ოფიციალურ ტონს ირჩევდა, თუმცა ეს მიდგომა ბოლო პერიოდში საკმაოდ შეიცვალა.

ცხადია ბანკმა საზოგადოებაში სერიოზული ორგანიზაციის შთაბეჭდილება უნდა დატოვოს, რაც თავის მხრივ, თითქოს აკადემიურობას მოითხოვს, თუმცა დღეს ემოციები მეტად იყიდება.

ბანკებმა გადაწყვიტეს ტექნიკური დეტალებით ნაკლებად დაგვტვირთონ და ამის სანაცვლოდ, ჩვენს ნათელ მომავალზე და ახდენილ ოცნებებზე გვესაუბრონ…

ეს, ჩემი აზრით, ამ სექტორის მიმართ შიშის გრძნობას საკმაოდ თრგუნავს, დაცულობის და სანდოობის განცდას კი წარმატებით გვიჩენს.

 

მოდა და Lifestyle

მოდის ინდუსტრია წარმატებას კრეატიულობითა და ემოციურობით აღწევს, რაც მის Tone Of Voice-შიც აისახება.

სურვილის გასაღვივებლად და ფუფუნებისა და ექსკლუზიურობის განცდის გასავითარებლად, ამ სექტორის ბრენდები ხშირად ამაღელვებელ ენას იყენებენ.

მათ გათავისებული აქვთ, რომ პერსონალიზაცია და ავთენტურობა გადამწყვეტ როლს თამაშობს აუდიტორიასთან ემოციური კავშირის დამყარებაში.

 

ჯანდაცვა და ფარმაცევტული პროდუქტები

ჯანდაცვის კომუნიკაციის მგრძნობიარე და ხშირად რთული ბუნების გათვალისწინებით, ამ ინდუსტრიაში ტონი ემპათიური, ინფორმატიული და დამამშვიდებელია.

მკაფიო და ლაკონური ენა გამოიყენება სამედიცინო ინფორმაციის ზუსტად გადმოსაცემად, ხოლო თანაგრძნობა აუცილებელია პაციენტების ნდობის მოსაპოვებლად.

 

ტურიზმი

ტურიზმის ინდუსტრია ფოკუსირებულია დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნაზე და სტუმართმოყვარეობისა და სითბოს განცდის გაღვივებაზე.

ამ სექტორში კომუნიკაცია ხასიათდება ოპტიმისტური და მომხმარებელზე ორიენტირებული ტონით, რომელიც მიზნად მოგზაურების მოზიდვას და მათთვის დადებითი მოლოდინების შექმნას ისახავს.

სხვადასხვა სექტორის სპეციფიკური საკომუნიკაციო ენის კვლევა ეხმარება ბრენდებს შექმნან თავისი უნიკალური Tone Of Voice, რომელიც სამიზნე აუდიტორიასთან წარმატებით დააკავშირებს, განაპირობებს ჩართულობას, ლოიალობას და საბოლოო ჯამში, ბიზნესის წარმატებას.

ყველა ბლოგი