როგორი უნდა იყოს თანამედროვე  B2C (ბიზნესიმომხმარებელზე) ვებ გვერდი?!

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ თანამედროვე ადამიანი ვიყავი და ეს რომ საკუთარი თავისთვის და გარშემომყოფებისთვის დამემტკიცებინა, ძალ-ღონეს არ ვიშურებდი.

ჩემს წრეში და ალბათ ქვეყანაშიც მართლაც ბევრ რამეში ვიყავი პიონერი. პირველად რომ ონლაინ „ვიშოფინგე“, მეგონა რაღაც სამეცნიერო ექსპერიმენტის შემოქმედი გავხდი.

მეგობრებს სიამაყით ვუჩვენებდი ჩემს ონლაინ ნაყიდ ნივთს და თვითონ ნივთით კი არა, მისი მოპოვების გზით ვტრაბახობდი.

არ გეგონოთ, რომ ეს გზა მარტივი იყო.

2000 – იანების ბოლოს ონლაინ შოფინგი დაახლოებით „მარიოს“ თამაშს გავდა.

ყველა ტურს რომ გადალახავდი, პრინცესასთან უკვე ახლოს იყავი, გეგონა მალე შეეხებოდი მას და…

უცბათ, შემთხვევით რაღაც გვირაბში ვარდებოდი და თამაშის სულ დასაწყისში ბრუნდებოდი.

მოკლედ, ონლაინ თუ რამეს იყიდდი, მართლაც საამაყოდ გქონდა საქმე.

ხშირად ისეც ხდებოდა, რომ გეგონა მიზანს მიაღწიე, მაგრამ აღმოჩნდებოდა, რომ  „უი, შენი ნაყიდი ნივთი უკვე გაყიდულია“.

ამ შემთხვევაში თამაშის ახალ, ბონუს ტურში გადადიოდი, სადაც უმთავრესი მისია გადარიცხული ფულის უკან დაბრუნება ხდებოდა.

დროის გასვლასთან ერთად ონლაინ შოფინგიც დაიხვეწა და ბრძოლის ველის ნაცვლად, მეტნაკლებად სასიამოვნო გამოცდილებად იქცა…

თუმცა ეს ყველაფერი მანამ, სანამ მსოფლიოს პანდემია დაატყდებოდა თავს და სანამ ონლაინ გაყიდვების ბუმი ყველას და ყველაფერს მოიცავდა.

2020-ში ნაუცბათევად გაკეთებულ საიტებს უამრავი ხარვეზი ქონდა.

ხან გვერდები არ იტვირთებოდა…

ხან საიტები „ტრეფიკს” ვერ უძლებდა და უბრალოდ „ეკიდებოდა”…

ხან ვებ გვერდზე განთავსებული ღილაკები არ რეაგირებდა…

ხანაც გარკვეული პროდუქტების შესაძენად უაზრო ლიმიტები წესდებოდა და მერე იყო გაუთავებელი ჩასწორებები, კორექტირებები, ზარები და სტრესები…

ცალკე ტრაგედიად გამოვყოფდი იმ საუკუნოვან დროის მონაკვეთს, სანამ ჩვენს მიერ “მოპოვებულ” პროდუქტს კურიერი სახლში მოგვიტანდა.

მიუხედავად ამისა, იმ პერიოდში ალტერნატიული გზის არარსებობის გამო, ამ ყველაფერთან შეგუება გვიწევდა.

საბედნიეროდ პანდემია წარსულს ჩაბარდა, თუმცა ონლაინ ვაჭრობა უკვე იმდენად შესისლხორცებული გვაქვს, ნამდვილად ვიმსახურებთ ეს პროცესი მეტად სასიამოვნო გახდეს.

და მაინც

როგორი უნდა იყოს თანამედროვე B2C (ბიზნესი-მომხმარებელზე) ვებ გვერდი?!

ვებ გვერდი უნდა იყოს სწრაფი და  მარტივად მოსახმარი;

ნავიგაცია და დიზაინი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს, რადგან რაიმეს ხელში აღება და გასინჯვა ონლაინ შეუძლებელია, აუცილებელია პროდუქციის ფოტოები იყოს თვალსაჩინო და აღწერები – ამომწურავი;

პოპულარული პროდუქტები და ფასდაკლებები ისე უნდა იყოს საიტზე განლაგებული, რომ მომხმარებლის ყურადღებას მარტივად იქცევდეს;

სასურველია საძიებო ველის ქონაც, (ისე, ყოველი შემთხვევისთვის);

ფილტრებიც აადვილებს მთელ რიგ პროცედურებს;

პრომო კოდების გამოყენება კვანტური მექანიკის საფუძვლიან ცოდნას არ უნდა მოითხოვდეს;

ვებ გვერდზე რეგისტრაცია და მომხმარებლის პროფილის შექმნა უნდა ხდებოდეს მარტივად, რამდენიმე ასარჩევი ოფციის გამოყენებით;

არ უნდა იყოს შეზღუდვა გადახდის მეთოდებში;

სასურველია ვებ გვერდი შეიცავდეს რეიტინგებს და მომხმარებლის რევიუებს პროდუქტებზე;

ვებ გვერდი აუცილებლად უნდა იყოს მორგებული მობილურ ტელეფონზე და სხვა დივაისებზე;

აუცილებელია ვებ გვერდზე ინტეგრირებული იყოს სოციალური ქსელები, ონლაინ კონსულტაცია და ტექნიკური დახმარება.

 

იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში ონლაინ ვაჭრობას ვერცერთი წარმატებული ბიზნესი გვერდს ვერ აუვლის, არავინ კამათობს, მაგრამ ეშმაკი აქაც დეტალებშია.

შეიძლება გაუმართავი ვებ გვერდი და კარგი გაყიდვები გაქვს და ფიქრობ, რომ თავი ასე თუ ისე ქუდში გაქვს, მაგრამ ცდები!

დახვეწე ვებ გვერდი და მეტს გაყიდი!

ნუ გადადებ, რადგან ხვალ შეიძლება შენი ადგილი სხვამ დაიკავოს!