როგორია ვებ განვითარების წარსული

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ციფრული სამყარო შესამჩნევი ევოლუციის მოწმე გახდა, განსაკუთრებით ვებ განვითარების სფეროში.

1990-იანი წლების ელემენტარული ვებ გვერდებიდან, დღევანდელ დახვეწილ, მომხმარებელზე ორიენტირებულ ვებსაიტებამდე და აპლიკაციებამდე, ამ უკანასკნელმა უზარმაზარი ტრანსფორმაცია განიცადა.

პროცესი ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად, კიდევ უფრო სწრაფდება, ამის კვალდაკვალ, კომპანიებიც იაზრებენ, რომ დღეს მომხმარებლის საჭიროებებთან ეფექტური ადაპტაცია, წარმატების უპირობო საწინდარია.

დღევანდელ ბლოგში, ათწლეულებით უკან დავბრუნდებით და თქვენთან ერთად გავიხსენებთ, როგორია ვებ განვითარების წარსული.

მსოფლიოში პირველი ვებ გვერდი 1991 წლის, 6 აგვისტოს გამოჩნდა. ეს იყო მარტივი, ტექსტზე დაფძნებული დოკუმენტი, მცირედად ჩართული დიზაინის ელემენტებით, რომლის უპირველესი მიზანიც ინფორმაციის გაზიარება იყო. საიტის ნახვა ვებ ბრაუზერში იყო შესაძლებელი.

1990-იანი წლების შუა პერიოდიდან, როცა HTML-ში ცხრილები დაინერგა, დეველოპერებს საშუალება მიეცათ ექსპერიმენტები უფრო რთული განლაგებით ეკეთებინათ.

სწორედ ეს ეტაპი შეგვიძლია ვებ დიზაინის და ინტერაქტიულობის აღზევების დასაწყისად მივიჩნიოთ. ნელნელა გამოჩნდა კასკადური სტილის ფურცლები (CSS), რომელიც კონტენტს დიზაინისგან გამოყოფდა, ეს საშუალებას იძლეოდა ვიზუალური სტილი და განლაგება მეტად მდიდარი და შთამბეჭდავი გამხდარიყო.

ამავე პერიოდში გამოჩნდა Flash-იც, რომელიც თავის მხრივ, ანიმაციურ გრაფიკას და გაძლიერებულ ინტერაქციას გვთავაზობდა, თუმცა საკმაოდ შესამჩნევი ნაკლოვანებებით.

Flash-ის პრობლემა ზოგიერთ მოწყობილობასთან შეუთავსებლობა და ცუდი საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) იყო.

2000-იან წლებში, ვებ განვითარების ახალი ეპოქა დაიწყო, რომელიც მომხმარებლის მიერ გენერირებული შინაარსით და მეტად გამოყენებადობით ხასიათდება.

ისეთი ტექნოლოგიების საშუალებით, როგორიცაა AJAX, საიტები ინტერაქტიული და დინამიური გახდა.

ამ დროს უკვე შესაძლებელი იყო ვებსაიტის განახლება შინაარსის გვერდის გადატვირთვის გარეშე, რაც მომხმარებლის გამოცდილებას (UX) მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა.

მოგვიანებით, როცა ინტერნეტში ძიებისთვის, მობილური ტელეფონების გამოყენებამ საგრძნობლად მოიმატა, responsive ვებ დიზაინის შექმნა გახდა საჭირო.

ეს მიდგომა მოწყობილობების ფართო სპექტრში ოპტიმალური ნახვის გამოცდილებას უზრუნველყოფდა, რაც მაშინ, დღევანდელისგან განსხვავებით, მხოლოდ ფუფუნების საგნად ითვლებოდა.

დღეს responsive დიზაინი არა მხოლოდ საუკეთესო პრაქტიკა – აუცილებლობაც კია, რადგან Google საძიებო რეიტინგში სწორედ მობილურისთვის მოსახერხებელ ვებსაიტებს ანიჭებს უპირატესობას.

ნელნელა, ვებ განვითარების პროცესში ხელმისაწვდომი გახდა React, Angular და Vue.js, რომელთა საშუალებითაც ვებ დეველოპერებს მაღალი ხარისხის ვებ აპლიკაციების შექმნა შეეძლოთ.

ამ ინსტრუმენტებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა საქმე, რადგან მათში ვებ განვითარების მრავალი ასპექტია სტანდარტიზირებული.

საბოლოოდ, ვებ განვითარების ადრეულმა დღეებმა საფუძველი ჩაუყარა იმას, რაც დღეს გახდა ინტერნეტი. ეს არის ვრცელი, ურთიერთდაკავშირებული ქსელი, რომელიც კომპლექსური აპლიკაციებით და მულტიმედიური კონტენტითაა გაჯერებული.

არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ბლოგი, რადგან მასში ვებ დიზაინის აწმყოსა და მომავალზე ვისაუბრებთ.

 

ყველა ბლოგი