რა არის web3? მარკეტინგული სიტყვა, თუ რეალობა?!

არც ისე უხსოვარ დროს… სულ რაღაც 33 წლის წინ, ტიმ ბერნერს-ლის, რომელიც ჟენევაში, კერძოდ ცერნში (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) მუშაობდა, ერთი საინტერესო იდეა გაუჩნდა…

შეექმნა ღია, დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომლის წყალობითაც ინფორმაციის გაზიარება დედამიწის ნებისმიერ წერტილში იქნებოდა შესაძლებელი.

ცოტა ხანში ეს პროტოკოლი ინტერნეტის სახელით გახდა ცნობილი.

ინტერნეტის პირველი ვერსია web1 უფრო მეტად კომპანიებისთვის შეიქმნა, ვიდრე ფიზიკური პირებისთვის. მაშინ სულ თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა იცოდა როგორ მუშაობდა ინტერნეტი.

მის სამართავად კომპიუტერის ექსპერტები კოლოსალურ თანხებს იღებდნენ.

კონტენტის შემქმნელი ძალიან ცოტა იყო, მნახველი – უამრავი. ვებ გვერდების უმეტესობა HTML-ის საშუალებით იქმნებოდა და მათზე რეკლამის განთავსება აკრძალული იყო. არ არსებობდა CSS, არანაირი ბმულები, კომენტარები… მოკლედ, არანაირი ინტერაქცია.

ვებ გვერდები მხოლოდ საინფორმაციო შინაარსის კონტენტს შეიცავდა და მხოლოდ წიგნივით შეგეძლო გეკითხა და გეკითხა…

ჩვენ ესეც ნაკლებად… 90-იან წლებში ინტერნეტი და web1 კი არა, პურის რიგებში ვიდექით, თუმცა ამაზე ამ ბლოგში არ გვინდა…

უკვე მიმდინარე საუკუნეში, კერძოდ 2005 წელს, ინტერნეტი მსოფლიოს წინაშე ახალი ვერსიით, web2-ით წარსდგა. ჩვეულებრივი მოკვდავები სწორედ აქ გავხდით მისი ნაწილი.

დავიწყეთ ჩვენივე შექმნილი კონტენტის გამოქვეყნება და გავრცელება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გაჩნდა მობილური ინტერნეტი, აპლიკაციები, სოციალური ქსელები… მოკლედ მოხდა სრული აფეთქება.

ინტერნეტი გახდა მის წინა ვერსიაზე ბევრად იაფი, რამაც მის გავრცელებას შეუწყო ხელი. ჩვენ ყველანი ვყიდულობთ ნივთებს სხვადასხვა ვებ გვერდზე…

აქტიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელებს და ამის ფონზე, არ გაგიკვირდებათ, რომ ჩვენს შესახებ უამრავი მონაცემი არსებობს.

გაჩნდა მოსაზრება, რომ მომხმარებლები აიღებენ კონტროლს, გაიაზრებენ მათი კონტენტიდან მიღებულ მოგებას და კიდევ ერთხელ მოახდენენ ინტერნეტის დეცენტრალიზაციას.

აქ უკვე web3-ზე ვსაუბრობთ.

web3-ს „უკეთესი ინტერნეტის“ იდეად თვლიან, რომლის მთავარ ბირთვს ბლოკჩეინის ტექნოლოგია, კრიპტოვალუტები და NFT-ები (არაჩანაცვლებადი ტოკენი) წარმოადგენს.

აქ საკუთრების უფლება გააჩნიათ მომხმარებლებს და არა კორპორაციებს და კომპანიებს.

მონაცემებს მართავს არა ცენტრალიზებული სერვერი, არამედ ყველა კომპიუტერული სისტემა, რომელიც ბლოკჩეინზე მუშაობს.

Web3 მომხმარებელს საშუალებას მისცემს შევიდეს კონკრეტულ ინტერნეტ სივრცეში ავტორიზაციის გარეშე. მისი ზოგიერთი მახასიათებელი ჩვენთვის უკვე ცნობილია, რადგან ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ვხვდებით ისეთ გავრცელებულ აპლიკაციებში, როგორიცაა Amazon და PayPal.

მიუხედავად იმისა, რომ web3-ის მთავარი იდეა დეცენტრალიზაციაა, ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს ასევე ინვესტორებისთვის მეტი ფულის განაღდების შესაძლებლობაა.

რა არის web3? მარკეტინგული სიტყვა, თუ რეალობა?!

ტექნოლოგიური სფეროს გარკვეულ ნაწილს სჯერა, რომ web3 იდეალებს ჩამორჩება და სინამდვილეში ბლოკჩეინის ქსელებზე საკუთრება კაპიტალისტების ხელშია.

ამ უკანასკნელმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა სრულფასოვანი სახე მიეღო, რომ software დეველოპერული კომპანია Block-ის წარმომადგენელმა ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა.

მაიკ ბროკმა არც აცია, არც აცხელა და განაცხდა, რომ მისი კომპანია web5-ის შექმნაზე მუშაობს, რომელიც web3-ისგან განსხვავებით ნამდვილად იარსებებს.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შეიქმნას დეცენტრალიზებული ინტერნეტის შრე, რომელიც ბიტკოინის lightning network-ზე იქნება დაფუძნებული და ინფორმაციაზე სრული კონტროლი მომხმარებელს მიენიჭება.

web5-ის შესახებ ოფიციალურად ჯერ კიდევ ბევრი არაფერია ცნობილი, ამიტომ ჯერჯერობით web3 მეტად აქტუალურ საკითხად რჩება…

თუმცა ასეთი ტემპით სვლის გაგრძელების შემთხვევაში, არავინ იცის წინ რა გველის.

 

ყველა ბლოგი