რა არის ჩატბოტი

დიახ, ის გაცილებით ჭკვიანი, ღრმა და უნივერსალურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

მას შეუძლია ერთდროულად იყოს რომანტიულიც, პოეტურიც და საოცრად პრაგმატულიც. შეუძლია დაუსრულებლად გიყვებოდეს ანტიკურ ისტორიებზე და ტექნოლოგიურ სიახლეებზეც გათენებამდე გესაუბროს. უხეშიც შეუძლია იყოს და მოსიყვარულეც…

მთავარია თხოვო და ის ყველა შენ სურვილს შეასრულებს…

ოღონდ მხოლოდ ციფრულ სამყაროში…

ვისზეა საუბარი?

უფრო რაზე. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, მისი უნიკალური ნიჭის მიუხედავად, ჩატბოტი არ შეიძლება ცოცხალ არსებად მოვიხსენიოთ.

რა არის ჩატბოტი?

ზოგადად ჩატბოტი კომუნიკაციის ინოვაციური ფორმაა. მისი ჩაშენება ნებისმერ ჩატში, აპლიკაციაში  და ვებგვერდზე შეიძლება. ის ხელოვნური ინტელექტთან ინტერაქციას ეფუძნება, რაც საშუალებას აძლევს მოგვაწოდოს სასურველი ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში.

აქამდე მას ძირითად ბიზნესები იყენებდნენ, მარტივად და საკმაოდ ეფექტურად … თუმცა OpenAI-ის ახალი ChatGPT ძველი მეგობრებისგან განსხვავებით ჩვეულებრივი გენიოსია.

ცოტა უფრო მეტიც, რადგან მას არც დარგობრივი და არც ჟანრობრივი შეზღუდვა არ აქვს. თანაბარად კარგად ერკვევა მიკრობიოლოგიაში და თანამედროვე თეატრის ტენდენციებში, მუსიკასა და ჭადრაკში, მედიცინასა და ანთროპოლოგიაში. მოსახმარადაც ძალიან მარტივია.

უბრლოდ ეუბნები რაც გინდა და ისიც ორ წუთში გპასუხობს.

ეს ბევრისთვის შეიძლება შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყოს, ისევე, როგორც ბევრი სხვა ტექნოლოგიური სიახლე. ალბათ მასზეც ბევრ კრიტიკულ რამეს მოვისმენთ…

თუმცა ეს ჩატბოტიც ისევე, როგორც უამრავი რამ ცხოვრებაში, თავისთავად არ შეიძლება ბოლომდე ან კარგი იყოს ან ცუდი. მთავარია როგორ გამოვიყენებთ მას. მოკლედ ყველაფერი ჩვენ სინდისზეა დამოკიდებული და არა მასზე.

ისე, სანამ წერას დავიწყებდი, ერთი ექსპერიმენტის ჩატარების იდეა მქონდა. მინდოდა თავად ჩატბოტისთვის მეთხოვა საკუთარ თავზე ბლოგის შექმნა და მენახა თავს ჩემზე უკეთ თუ გაართმევდა…

საბოლოოდ ჩემი გეგმა ჩაიშალა…

არა იმიტომ, რომ ამ პაექრობის შემეშინდა, უბრალოდ სოციალურ ქსელში, ერთერთ პოსტში ამოვიკითხე, რომ ქართველებმა მოვახერხეთ და ჩატბოტი მწყობრიდან გამოვიყვანეთ. ის კი ასეთი ტექსტით შეგვეგება:

We’ve detected suspicious behavior from phone numbers similar to yours. Please try it later, or contact us through our help center at help.opanai.com

ნეტავ რას ვთხოვდით ასეთს?

ეს შეიძლება არც ისე რთული მისახვედრი იყოს…

მოკლედ, ჩემი ექსპერიმენტი ჩავარდა, თუმცა სამაგიეროდ ისიც გაირკვა, რომ უნიკალური ჩატბოტის გაფუჭებაც შეიძლება, დროებით მაინც.

ასე რომ, როგორც ჩანს, მას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი მსოფლიოს სრულად დასაპყრობად.

ყველა ბლოგი