რა არის ლოკალური SEO

ჩვენს ეპოქაში ბიზნესის ონლაინ ხილვადობა, მისი წარმატების ერთერთი მთავარი გასაღებია. ამაზე წინა ბლოგებშიც ბევრი გვისაუბრია.

იმის დასამტკიცებლად, რომ მომხმარებელი საჭირო პროდუქტის, თუ სერვისის მისაღებად, ყველაზე ხშირად სწორედ ინტერნეტს მიმართავს, სტატისტიკის მოშველიება აღარც კი არის საჭირო.

ეს ბიზნესებმაც ნელნელა უფრო და უფრო კარგად გაიაზრეს და ამ მიმართულებით გააქტიურდნენ. შესაბამისად, კონკურენციაც საკმაოდ გაიზარდა.

ერთერთი უტყუარი სტრატეგია, რომელსაც თქვენი ბიზნესის ცნობადობის, ხილვადობის და საბოლოო ჯამში, მოგების გაზრდა შეუძლია, ლოკალური საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაა.

რა არის ლოკალური SEO და რაში ეხმარება ის თქვენს ბიზნესს?

გლობლური SEO-სგან განსხვავებით, ადგილობრივი სისტემების ოპტიმიზაცია, იმ მომხმარებლებზე ფოკუსირდება, რომლებიც მათთვის სასურველ პროდუქტს, თუ მომსახურებას კონკრეტულ ლოკაციაზე ეძებენ. ეს კონკურენციას, რა თქმა უნდა, ამცირებს.

მოკლედ, ლოკალური SEO ნებისმიერი ბიზნესისთვის არის მომგებიანი, რომელსაც ფიზიკური ლოკაცია გააჩნია.

ლოკალური SEO-ს შემთხვევაში, Google ჩვეულებრივი რანკირების სისტემის გარდა, დამატებით ფაქტორებსაც ითვალისწინებს.

ის ცდილობს მომხმარებელს მათ შეკითხვაზე მაქსიმალურად რელევანტური შედეგები შესთავაზოს. ლოკალური საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისას, დისტანციაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მაგალითად, თუ საბურთალოზე ხართ და ჰამბურგერი მოგინდათ, Google რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაკდონალდს არ შემოგთავაზებთ.

რა თქმა უნდა, გამართულ ვებგვერდს უდიდესი პრიორიტეტი ენიჭება. თქვენი ბიზნესი აქტიური და მუდმივად განახლებადი უნდა იყოს სოციალურ მედიაშიც და მომხმარებლის დადებითი შეფასებები ქონდეს.

ქივორდების მნიშვნელობაზე წინა ბლოგში დეტალურად ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ამ საქმეში უმნიშვნელოვანესია კარგად იცნობდეთ საკუთარ აუდიტორიას.

ასევე, საჭიროა კარგად გააანალიზოთ საკუთარი ბიზნესი და ის სერვისები, თუ პროდუქტები, რომლებსაც მომხმარებელს თავაზობთ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრიორიტეტებს გამოყოფთ, შეგიძლიათ საძიებო სიტყვების მოძიების პროცესიც დაიწყოთ.

სწორი ლოკალური ქივორდების ანალიზი დაგეხმარებათ SEO სტრატეგიის შემუშავებაში.

ყურადღება მიაქციეთ, რომ საძიებო სიტყვა ლოკალური სერვისის, ან პროდუქტის ძიებისკენ იყოს მიმართული.

მინდა თქვენი ყურადღება კიდევ ერთ დეტალზე გავამახვილო.

ნუ, თუ კი შეიძლება ამას დეტალი ვუწოდოთ. დღეს ადამიანების დიდი ნაწილი საძიებო სისტემებისთვის სმარტფონებს იყენებს, თქვენი ბიზნესისთვის ერთერთი პრიორიტეტი ვებ გვერდის მობილურ მოწყობილობებზე რესპონსიულობის გამართვა უნდა იყოს.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი კონკურენტების ონლაინ აქტივობასაც დაკვირვებით გადახედოთ.

მათი შეფასებებიც შეამოწმეთ და ეცადეთ მათზე უკეთესი კონტენტი შესთვაზოთ მომხმარებელს.

რას იზამთ, ცხოვრება ომია. თუ არ გაძლიერდებით – დამარცხდებით.

 

SEO-ს სერვისების სანახავად ეწვიეთ ბმულს