რატომ ვისწრაფვით ჩვენი მსგავსი მანქანების შექმნისკენ?

სიტყვა „რობოტი“ პირველად ჩეხმა მწერალმა, კარელ ჩაპეკმა, არცთუ ისე დიდი ხნის წინ ახსენა ( ნაწარმოები, სახელწოდებით R.U.R )…

თუმცა, კაცობრიობა ოდითგანვე გატაცებული იყო ადამიანის მსგავსი მექანიკური ქმნილებებით, რომლებსაც დამოუკიდებლად სხცადასხვა მოქმედებების შესრულება შეეძლოთ.

პირველი რობოტი – ტალოსი, სპილენძისგან შექმნილი გიგანტი, ჯერ კიდევ ბერძნულ მითოლოგიაში გვხვდება.

მას კუნძულ კრეტას დაცვა ევალოდებოდა და თავის საქმეს პირნათლადაც ასრულებდა, სანამ ჩვენმა მედეამ სიცოცხლეს არ გამოასალმა.

ამ ამბიდან, თუ მითიდან უამრავი წლის შემდეგაც კი, ამ თემას აქტუალობა არ დაუკარგავს.

რობოტები რომ უკონტროლოები არ ყოფილიყვნენ 1942 წელს, კიდევ ერთმა მწერალმა აიზეკ აზიმოვმა „რობოტიკის სამი კანონი შექმნა“.

პირველი: რობოტმა არ შეიძლება ავნოს ადამიანს, ან თავისი მოქმედებით დაუშვას, რომ მას მიაზნი მიადგეს.

მეორე: რობოტი უნდა დაემორჩილოს ადამიანის ბრძანებებს, თუ ეს ბრძანებები არ ეწინააღმდეგება პირველ კანონს.

მესამე: რობოტმა უნდა დაიცვას საკუთარი თავი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონს.

თუმცა, როგორც ჩანს, მოგვიანდებით მწერალს ეს კანონები მობეზრდა და ნულოვანი კანონი გამოიგონა, რამაც ყველაფერი ისევ თავდაყირა დააყენა.

ნულოვანი კანონი: რობოტს არ შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანს, თუ ის არ დაამტკიცებს, რომ ეს საბოლოო ჯამში სასარგებლო იქნება კაცობრიობისთვის.

მერე იყო ტერმინატორი, რომელმაც საბოლოოდ შეუალახა ამ მანქანას რეპუტაცია, თუმცა კაცობრიობა მაინც გადარჩა.

ექსპერიმენტები რეალურ ცხოვრებაშიც გრძელდებოდა. ამ მხრივ, ფლაგმანად კომპანია „ბოსტონ დინამიქსი“ მოგვევლინა. მათი შექმნილი რობოტები დღეს უკვე თავისუფლად ნავარდობენ და სალტოებსაც აკეთებენ.

ლებრონ ჯეიმსივით მოქნილები არ არიან, მაგრამ მაყურებელზე მაინც დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ.

ამით შთაგონებულმა, თუ დაბოღმილმა ილონ მასკმაც არ დააყოვნა და ფაქტიურად გუშინ, საკუთარი ჰუმანოიდი რობოტი „ოპტიმუსი“ წარმოგვიდგენია.

ის ზედმეტად ზრდილობიანი და გაწონასწორებული ჩანდა. მართალია, მისი წინამორბედის მსგავსად, ტვინი არც მას აქვს,  მაგრამ თუ მწარმოებლები ამ ხარვეზის გამოსწორებას დაიწყებენ, წინ ახალი თავგადასავლები გველის.

მანამდე კი, როგორც ჰუმანოიდი რობოტების შემქნელები გვპირდებიან, მათი პირმშოები უბრალოდ წინასწარ განსაზღვრულ, მარტუვ ტექნიკურ დავალებებს შეასრულებენ.

ისინი გახდებიან, მაგალითად ქარხნების და ფაბრიკების მუშები. გააკეთებენ რუტინულ საქმეებს და ადამიანებს ცხოვრებას შეუმსუბუქებენ…

ერთი შეხედვით, ცუდად სულაც არ ჟღერს…

თუმცა სკეპტიკოსები იმასაც ვარაუდობენ, რომ რადგან ჭამა მადაში მოდის, მალე ეს რობოტები ძაღლების გასეირნებას, ჩვენს მაგივრად სუპერმარკეტებში სიარულს დაიწყებენ…

ისე გაგვაზარმაცებენ, რომ შეიძლება მალე საკუთარი არსებობის გამართლებაც კი ვეღარ შევძლოთ. ეს კი იქამდე მიგვიყვანს, რომ ბოლოს პლანეტაზე მეორეხარისხოვან ადამიანებათ გადავიქცევით.

მოდით ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სცენარი არაფერში გვაწყობს, ამ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება…

თუ იქნებ არ აქვს?

და მაინც, ნეტავ რატომ ვისწრაფვით ჩვენი მსგავსი მანქანების შექმნისკენ?!

რიტორიკული შეკითხვაა, პასუხის გაცემა აუცილებელი არ არის.

ყველა ბლოგის ნახვა