რას უნდა ველოდოთ ბრენდებისგან მეტავერსში 2023 წელს?
სანამ ძირითად საკითხზე გადავალთ, მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საერთოდ რა არის მეტავერსი და რა მოლოდინები უნდა გვქონდეს მისგან.
პირველ რიგში, ის სრულიად განსხვავებული რეალობაა, როგორც სენსორული, ისე ჩართულობის თვალსაზრისით.
ეს ონლაინ გამოცდილების გამდიდრებისა და შევსების შესაძლებლობაა ისეთი ციფრული ელემენტებით, როგორიცაა ნავიგაცია, გამოსახულება, მიმართული ხმა და შეხების იმიტაცია.
ამ არხს მომხმარებელთან ურთიერთობის დიდი პოტენციალი აქვს და ბრენდები უკვე აქტიურად ფიქრობენ რა ნაბიჯები გადადგან ამ ახალ სამყაროში ოპტიმიზაციისთვის.
მაშ ასე, რას ველოდოთ ბრენდებისგან მეტავერსში 2023 წელს?
პროდუქტები, რომლებსაც ტრადიციულად ფიზიკურ სივრცეებში ვეცნობოდით, აუგმენტური (AR) და ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიების განვითარებით, უკვე ონლაინ არხებშიც ხელმისაწვდომი ხდება.
მაგალითად, ვირტუალური ვიტრინების შექმნამ, მომხმარებელს შესთავაზა შესულიყო წარმოსახვით მაღაზიაში, დაეთვალიერებინა პროდუქტები და ტანსაცმელიც კი მოესინჯა.
ბრენდებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და პარალელურად ინოვაციებისათვის თვალყურის დევნება აძლევს საშუალებას, თანამედროვე პლატფორმების შესაძლებლობები − AR და VR გამოიყენონ.
ამასთან ერთად, უკეთესად წარმოადგინონ თავი Metaverse-ში. ამის კარგი მაგალითია Ray-Ban, რომელიც AR-ის შესაძლებლობებზე ამყარებს იმედს…
ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ვირტუალურად მოისინჯონ სათვალე ან სულაც ე.წ. ჭკვიანი სათვალე შექმნან, რომელიც სპეციალურად Metaverse-ში ურთიერთობისთვისაა განკუთვნილი.
დღევანდელ ციფრულ სამყაროში ინოვაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მომხმარებლები სხვადასხვა ონლაინ გამოცდილებას ადარებენ ერთმანეთს, თან ისე, რომ არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესის მოცულობას. ციფრული გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს ან აღემატებოდეს იმ მომხმარებლების მოლოდინს, რომლებიც Amazon-ის სიჩქარესა და მომსახურებას არიან შეჩვეულნი.
ეს სხვა ინდუსტრიებზეც ვრცელდება. მაგალითად, სტრიმინგის სერვისი იმ სიჩქარის, კომფორტისა და შეთავაზებების გარეშე ვერ შეძლებს დამკვიდრებას, რასაც Netflix-ის მაყურებელთა თაობა მოელის. მაღალ სტანდარტებს დიდი პლატფორმები აწესებენ, ყველასთვის და ყველა მიმართულებით.
Metaverse-ის მომსახურება გარემოსთან კავშირით იქნება გაძლიერებული, მაგრამ მის ძირითად პლატფორმებს კვლავ საკუთარი ინდივიდუალური არხები ექნებათ ურთიერთობებისთვის.
Meta უკვე გვთავაზობს ინტერაქტიულ შოპინგს Instagram-ზე, აპლიკაციაში ციფრული მაღაზიების ვიტრინებით, პროდუქტის ტეგებით და შეკვეთის გაფორმების ვარიანტებით.
Amazon ვირტუალური სავაჭრო ცენტრის შექმნას აპირებს, სადაც მომხმარებლები ივლიან ფეხით, დაათვალიერებენ, აარჩევენ და შეუკვეთენ პროდუქტებს, რომელსაც უმოკლეს დროში სახლში მიიღებენ.
ვირტუალური რესტორნის შექმნაც კი შესაძლებელი იქნება, სადაც მომხმარებელი მენიუსაც გაეცნობა, პერსონალის ავატარსაც გაესაუბრება და სასურველ კერძებს მიტანის სერვისით მიიღებს. აქ მართლაც უსაზღვრო შესაძლებლობებია.
რაც შეეხება მარკეტინგს და რეკლამას…
რეკლამა − ყურადღების მონეტიზაციაა. როდესაც მომხმარებელთა შეხების წერტილები ყველა არხსა და ყველა ხელმისაწვდომ მოწყობილობას კვეთს, ეს ყურადღება ადრინდელზე უფრო ფრაგმენტული ხდება.
ბრენდები ყველა პლატფორმას უნდა იცნობდნენ. მათ უამრავი ციფრული აქტივი უნდა შექმნან და თითოეულის წარმატებაზე უნდა იზრუნონ.
წარსული ან ამჟამინდელი წარმატების მიუხედავად, მეტისმეტად ნელი ტემპით ადაპტაცია, შესაძლოა ნებისმიერი ბიზნესის დაღუპვის ტოლფასი აღმოჩნდეს.
ამიტომ ბრენდებმა ადრინდელზე მეტი უნდა იმუშაონ, თუ ყურადღების ცენტრში სურთ დარჩენა, თუნდაც ხუთი წუთის განმავლობაში… რათა სწორი პოზიცია დაიკავონ, სწორი ინფორმაცია გამოაქვეყნონ და სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი.
აქ ნებისმიერი ასპექტი მნიშვნელოვანია. ვინც ძალისხმევას სწორად გაიღებს, ის ჯილდოს გამდიდრებული, მიმზიდველი მომსახურების ხარისხითა და ბრენდისადმი ლოიალობის ზრდის სახით მიიღებს.
ბრენდებმა თავიანთი დრო და ბიუჯეტი უნდა დახარჯონ არხების სტრატეგიის დასამუშავებლად და განუსაზღვრელი მოცულობის ქონთენთის შესაქმნელად, რათა თამაშში დარჩნენ.
ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, რომ როდესაც ციფრული ინოვაცია ელვისებური სიჩქარით ვითარდება, მოიგებს ის, ვინც პირველი გააცნობიერებს ცვლილებების მნიშვნელობას.