მფრინავი მანქანები

ალბათ დამეთანხმებით, რომ მოუსვენარი, მოუთმენელი, ჯიუტი, შეუპოვარი და უკომპრომისო ხალხის წყალობით, ადამიანებს უამრავი საჭირო ნივთი, ხელსაწყო, თუ გამოგონება გვაქვს.

ზუსტად ვერ გეტყვით პირველად საგზაო საცობში გაჭედილ, გატანჯულ ადამიანს გაუჩნდა თუ არა მფრინავი მანქანის შექმნის იდეა…

(ადამიანს, რომელსაც 6 საათამდე ბანკში მისწრება და სესხის წინსწრებით დაფარვა, ან ბაღიდან ბავშვის გამოყვანა ეჩქარებოდა)…

თუმცა მიზანი რომ მოკლე მანძილებზე ბევრად უფრო სწრაფად გადაადგილება იყო – ფაქტია.

მფრინავი მანქანები ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ მომხიბვლელი თემა იყო ლიტერატურასა და კინოში.

 

გასაკვირი არ არის, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მათი შექმნის იდეაც სულ უფრო და უფრო რეალისტური გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს, მფრინავი მანქანები ჯერ კიდევ არ არის ჩვეულებრივი სანახაობა, ბოლო წლებში დარგში მნიშვნელოვანი განვითარება შეინიშნება.

ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ მფრინავი მანქანები არც თუ ისე შორეულ მომავალში, ტრანსპორტირების საერთო, ყველასათვის ხელმისაწვდომი საშუალება გახდება.

და მაინც, რაში გვჭირდება მფრინავი მანქანები?

რას მოგვიტანენ ისინი?

რა შეიცვლება ჩვენს ცხოვრებაში?

ზოგადად მფრინავი მანქანები ტრადიციულ მანქანებთან შედარებით რამდენიმე თვალშისაცემ უპირატესობას გვთავაზობენ.

 

პირველ რიგში, ისინი შეძლებენ თავიდან აიცილონ საცობები და გვერდი აუარონ (რათქმაუნდა ჰაერში) გზების საჭიროებას.

ეს განსაკუთრებით მომგებიანი იქნება გადატვირთულ ქალაქებში, სადაც მოძრაობა შეიძლება მთავარი პრობლემაც კი იყოს.

მეორეც, მფრინავი მანქანები შეძლებენ შორი მანძილების გავლას უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული მანქანები, რაც მომგებიანი იქნება როგორც პირადი, ასევე კომერციული გამოყენებისთვის.

და ბოლოს, მფრინავ მანქანებს შეეძლებათ პოტენციურად შეამცირონ ნახშირბადის გამონაბოლქვი, ბენზინის ნაცვლად ელექტროენერგიის გამოყენებით.

აი, თუ ვინმეს გონია, რომ ეს უმნიშვნელო პრობლემაა, ჯობია სასწრაფოდ შესაბამის ანგარიშებს გაეცნოს.

ახლა კი მოდით ვნახოთ რა ხდება სფეროში უფრო კონკრეტულად. 

ერთ-ერი პირველი კომპანია, რომელიც მფრინავ მანქანებზე მუშაობდა Terrafugia იყო.

 

Terrafugia ჰიბრიდულ ელექტრო მფრინავ მანქანას აკეთებდა, რომელსაც Transition-ს უწოდებდნენ. Transition-ს ოთხი ბორბალი და ფრთები ქონდა, რომლებიც გზაზე მოძრაობისას იკეცებოდა.

ცოტა სასაცილოდ გამოიყურებოდა. რაღაცით ფანტომასის მანქანას გავდა, მაგრამ მაგას ვინ ჩიოდა. მთავარი ის იყო, რომ დაფრინავდა და როცა უნდოდა დაგორავდა.

ერთ დატენვაზე დაახლოებით 600 კილომეტრის გადაფრენა შეეძლო და ჰაერში 150 კმ/სთ სიჩქარეზე მეტს ანვითარებდა.

კომპანიამ რამდენჯერმე დააანონსა ბაზარზე ამ მფრინავი მანქანის გამოსვლის თარიღი, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და ახალი მოდელის TF-X-ის შექნაზე გადაერთო.

ახალი მფრინავი აპარატი უკვე ბეტმენის მანქანას უფრო წააგავდა. ვერტიკალურად მფრინავი იყო და ცაში ასაჭრელად გაქანება აღარ ჭირდებოდა.

ეს იდეა კიდევ უფრო მიმზიდველადაც კი გამოიყურებოდა, თუმცა შემდეგ Terrafugia-ს გარკვეული პრობლემები შეექმნა და მფრინავი მანქანის ბედიც გაურკვეველი დარჩა.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც მფრინავი მანქანების განვითარებაში ლიდერობს  Uber-ია.

 

დიახ, სწორედ ის Uber, ტაქსები რომ ყავს.

ეს ხალხიც ვერტიკალურად ასაფრენ-დამფრენი (VTOL) თვითმფრინავის გაკეთებასაა შეჭიდებული, რომელიც პრინციპში დრონს უფრო ჰგავს.

დიდ დრონს, რომელშიც ადამიანები კომფორტულად ჩასხდებიან და მოკლე მანძილებზე იმოგზაურებენ. Uber-ში იმედოვნებენ, რომ მას ისე გამოიყენებენ, როგორც საჰაერო ტაქსის სერვისს.

იმასაც ამბობენ, რომ ეს საფრენი ტაქსი სრულად ელექტრო იქნება და რადგან ვერტიკალურად აფრენას და დაშვებას შეძლებს, ასაფრენი ბილიკიც არ დაჭირდება.

Uber გეგმავს, რომ საჰაერო ტაქსის სერვისის ტესტირება 2023 წელს, კომერციული ოპერაციები კი 2025 წლიდან დაიწყოს.

ასე რომ ახლა, სანამ ამ ბლოგს კითხულობთ, თავისუფლად შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ვინმე თამამი პილოტი სწორედ ამ წუთებში წარმატებულად აფრინდა…

და იმედოვნოთ, რომ ასევე წარმატებულად დაეშვება მიწაზე.

მფრინავ მანქანებზე დღეს კიდევ უფრო მეტი კომპანია და სტარტაპი მუშაობს და ისინი წინამორბედებზე კიდევ უფრო მეტ უპირატესობას გვთავაზობენ…

თუმცა მიუხედავად ამისა, ასევე არის რამდენიმე გამოწვევა, რომელიც მანამ უნდა გადაილახოს, სანამ ისინი ტრანსპორტირების პრაქტიკულ რეჟიმად გარდაიქმნებიან.

პირველ რიგში ეს უსაფრთხოების საკითხია. მფრინავ მანქანებს, მითუმეტეს უპილოტოებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის (AI) ხარჯზე იმუშავებს, უნდა შეეძლოს უსაფრთხოდ ფრენა ნებისმიერი ამინდის პირობებში.

მათ ასევე გარანტირებულად უნდა აიცილონ თავიდან სხვა მფრინავ ობიექტებთან გადაკვეთა.

დრონები, თვითმფრინავები და მფრინავი მანქანები საერთო წესრიგს უნდა დაექვემდებარონ და საერთო სისტემიდან უნდა დარეგულირდნენ.

ეს კი, დამეთანხმებით მარტივი საქმე სულაც არაა და სავარაუდოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს…

თუმცა ალბათ არც არავის ქონდა იმის მოლოდინი, რომ იოლად იფრენდა ყოველდღე სამსახურიდან სახლში…

ან სუპერმარკეტში…

და თან ამას ისე გააკეთებდა, რომ საცობებშიც არ მოხვდებოდა.

 

ყველა ბლოგი