კონტენტის აუდიტი
ვინც ჩვენი წინა ბლოგი წაიკითხა, უკვე იცის, რომ ვებსაიტი შეიძლება ტექნიკურად გამართულად მუშაობდეს, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ აღწევდეს.
ხშირად ეს საიტის ტექნიკური პრობლემების, ან გაუმართავი UX-ის ბრალია, თუმცა შეიძლება სხვა მიზეზიც არსებობდეს. რა ხდება მაშინ, როცა საიტი წამებში იტვირთება, დიზაინიც მოწესრიგებული აქვს, მაგრამ კონვერსია მაინც დაბალია…
ვიზიტორები საიტს სტუმრობენ, თუმცა სასურველ ქმედებას არ ახორციელებენ?
მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი საიტი წიგნია, ხარისხიანი, დახვეწილი ყდით და ლამაზად ფორმატირებული გვერდებით…
ადამიანი მის კითხვას იწყებს, თუმცა ვერ იგებს მთავარს, საერთოდ რას თავაზობს ეს წიგნი. დიახ, სწორად მიხვდით, შეიძლება პრობლემა სწორედ საიტზე განთავსებულ ტექსტებში იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონტენტის აუდიტის დროა.
რას ნიშნავს კონტენტის აუდიტი?
კონტენტის აუდიტი იმ პროცესების ერთობლიობაა, რომლის განსაზღვრავს, თუ რამდენად შეესაბამება საიტზე არსებული ტექსტები კონკრეტული ბიზნესის მიზნებს.
აუდიტის დროს ყურადღება ექცევა არა მხოლოდ იმას, რა წერია, არამედ იმასაც, ვისთვის და როგორ წერია… რამდენად ამართლებს არსებული ტექსტები მომხმარებლის მოლოდინს და საქმის მიზანს.
რატომ ჭირდება საიტს კონტენტის აუდიტი?
პასუხი მარტივია. კონტენტი ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს:
- ეუბნება ვიზიტორს, სად მოხვდა და რას თავაზობს
- უხსნის, რატომ უნდა დაგიჯეროთ
- მოუწოდებს ქმედებისკენ
- აყალიბებს ბრენდის ტონს და იმიჯს
- ეხმარება Google-ს, რომ სწორად გაგიგოთ და დაგაინდექსოთ
ერთი რამ ცხადია. თუ ეს ყველაფერი კარგად არ იმუშავებს, ეფექტური ვერც SEO იქნება, ვერც UX და მთლიანობაში, ვერც ვერანაირი მარკეტინგი.
კონტენტის აუდიტის დროს შეგიძლიათ გაარკვიოთ:
- პასუხობს თუ არა ვებსაიტზე არსებული ტექსტები ბიზნესის მიზნებს
- საკმარისია თუ არა ინფორმაცია საიტის თითოეული გვერდისთვის
- ამოტივირებს თუ არა არსებული კონტენტი მომხმარებელს და უბიძგებს თუ არა სასურველი ქმედებისკენ
- შენარჩუნებულია თუ არა თანმიმდევრული ტონი და არის თუ არა ტექსტები აუდიტორიაზე ადაპტირებული
- სწორად არის თუ არა გამოყენებული საკვანძო სიტყვები და SEO ელემენტები
შემიძლია შორს არ წავიდე და ჩემი პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ. ხშირად შემხვედრია ვებსაიტის გვერდები, რომლებიც საერთოდ არ საჭიროებს იმდენ სიტყვას, რამდენიც წერია.
პირიქითაც ხშირად მომხდარა, როცა რომელიმე საიტის კონკრეტულ გვერდზე ბევრად მეტი ახსნა მჭირდებოდა, თუმცა მხოლოდ მოკლე, ზედაპირულ ფრაზებს ვაწყდებოდი.
როგორ ტარდება კონტენტის აუდიტი?
პირველ რიგში, საჭიროა არსებული ტექტების სრული სია გააკეთოთ, რომელიც შეიძლება მოიცავდეს გვერდებს, სათაურებს, ბლოგებს, სექციებს და ა.შ. ამის შემდეგ უნდა მოხდეს თუთოეული მასალის შეფასება, ტონალობისა და სტილის დეტალური ანალიზი.
არ უნდა დაგავიწყდეთ SEO-ც. დააკვირდით ჩანს თუ არა ძირითადი საკვანძო სიტყვები, აქვს თუ არა ტექსტს სტრუქტურა (H1, H2, meta აღწერები და ა.შ.) და ბოლოს, მკაფიოა თუ არა (CTA)-ები? იგივე Call to action ტექსტები, რომლებიც მომხმარებელს კონკრეტული საქციელისკენ მოუწოდებს.
რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება კონტენტის აუდიტის დროს?
ყურადღება მიაქციეთ დუბლირებულ კონტენტს, რადგან ერთნაირი შინაარსის მქონე გვერდები SEO-ს აზიანებს.
არ გაგეპაროთ ძველი, არააქტუალური ინფორმაცია, როგორიცაა თარიღები, შეთავაზებები, ფასები და ა.შ. გახსოვდეთ, რომ ტექსტები უნდა იყოს მარტივად წასაკითხი, ქვეთავებად დაყოფილი და საჭროების შემთხვევაში, გრაფიკული ელემენტებით დატვირთული.
რა ხდება აუდიტის შედეგების მიღების შემდეგ?
დასაწყისისთვის უმჯობესია, რომ კრიტიკული საკითხები სწრაფად მოაგვაროთ, შემდეგ კი, თუ საჭიროა, თანმიმდევრული სტილის ჩამოყალიბებასა და მთლიანი კონტენტის განახლებაზეც იფიქროთ.
სტრატეგიულ, კარგად გააზრებულ კონტენტს გააჩნია ის უხილავი ძალა, რომელიც ბრენდს აუდიტორიასთან აკავშირებს, ქმნის სანდოობას და ამაღლებს ჩართულობას. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ბიზნესის წარმატებაზე აისახება.
 
 
