ინტერნეტის ბნელი მხარე
გამარჯობა! თავიდანვე მინდა განვმარტო, რომ ეს ბლოგი დარქნეტის მოხმარების შემსწავლელ გზამკვლევს არ დაწმოადგენს.
აქ ვერც ბნელეთში არსებული პოპულარული საიტების ჩამონათვალს ნახავთ და ვერც იმ ბრაუზერების, რომლებიც იქ შეღწევაში დაგეხმარებათ.
მესმის, რომ შეიძლება იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ თუ მხოლოდ ამისთვის აპირებდით ტექსტის წაკითხვას, კეთილ საქმეს გავაკეთებ და დროს ფუჭად არ დაგაკარგვინებთ.
ალბათ სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა გაგიჩნდათ. აბა რას ემსახურება ეს ბლოგი?!
რას და დარქნეტის, ასე ვთქვათ, ფილოსოფიურ ჭრილში განხილვას.
იმის გარკვევას, თუ რატომ სტუმრობს მას დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანი. რა არის იქ ისეთი, რაც „ჩვეულებრივ“ ინტერნეტში არ ხდება და არის, თუ არა დარქნეტი ინტერნეტის ბნელი მხარე.
მაშინ დავიწყოთ!
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დარქნეტს „ჩვეულებრივი“ ინტერნეტისგან გამოარჩევს, სრული კონფიდენციალურობაა.
დღეს ინტერნეტის ბევრ მომხმარებელს, სრულიად სამართლიანად, სერიოზულად აწუხებს პირადი ინფორმაციის გასაჯაროების პრობლემა.
ამ მხრივ ფეისბუქმაც და გუგლმაც საკმაოდ გაიტეხა სახელი და ფაქტიურად ჯაშუშობაში მხილებულიც აღმოჩდა.
ადამიანის მოთხოვნა, რომ რაღაც წყნარად, ან თუნდაც ფარულად აკეთოს, სავსებით ბუნებრივია. „ჩვეულებრივ“ ინტერნეტში კი ეს თითქმის შეუძლებელია, ყველა შემთხვევაში ტოვებ კვალს.
აი დარქნეტში შერლოკ ჰოლმსების მთელი არმიაც კი ვერ მოგაგნებს. ეს ფიზიკურად და ტექნიკურად შეუძლებელია. ამაზე მარტივი თივის ზვინში ნემსის პოვნაა, რადგან იცი, რომ საქმე რეალურად ერთ ნემსთან და ერთ თივის ზვინთან გაქვს.
დარქნეტში კი ასეთი ზუსტი კოორდინატები არ არსებობს, ამიტომ ის ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველების საშინაო მოედანია…
თუმცა სულაც არ არის აუცილებელი სუბიექტი, რომელიც ამ ფუნქციით სარგებლობისკენ ისწრაფვის, აუცილებლად რაიმე არალეგალურს აკეთებდეს.
აუცილებელი არ არის, მაგრამ მთლად ისეც ნუ გავიგებთ, თითქოს აქ მხოლოდ მორცხვი ადამიანები იკრიბებოდნენ… ერთმანეთს საკუთარი კნუტების და ლეკვების ფოტოებს უზიარებდნენ…
ამ უწყინარი სივრცის შესახებ, რა თქმა უნდა, ცუდმა ბიძიებმაც კარგად იციან და მას ათასგვარი კანონსაწინააღმდეგო საქმიანობისთვის ბოროტად იყენებენ.
ვაჭრობენ იარაღით და ნარკოტიკებით, აქვეყნებენ არალეგალურ პორნოგრაფიას, ჯაშუშობენ და ათასგვარ ამორალურ და საშიშ კონტენტს გვთავაზობენ.
აი აქ მივადეგით ყველაზე საინტერესო და საჭირბოროტო საკითხს. რა არჩევანი გავაკეთოთ?!
დავთმოთ კონფიდენციალურობა და ავკრძალოთ ყველაფერი ფარული, თუ შევეგუოთ, რომ ჩვენი პირადი სივრცის ხელშეუხებლობის გამო, კრიმინალებს და ბოროტმოქმედებს ხელი მოვათბობინოთ… მილიარდები ვაშოვნინოთ… ურთულეს დილემაა! პასუხი ჯერ არ არსებობს…
ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ დარქნეტი დღითიდღე სულ უფრო პოპულარული ხდება და იქაურ ვარსკვლავებთან ტიკტოკის და ინსტაგრამ ვარსკვლავები ვერც კი მივლენ… ვერც პოპულარობით და ვერც შემოსავლებით…
მოკლედ, ამასობაში კაცობრიობას ბევრი დილემა დაუგროვდა. იქნებ ჯობდა საერთოდ გამოქვაბულში დავრჩენილიყავით?!