ვინ არიან ჰაკერები?!
მათი ხსენებისას ბევრს მისტიური, მითოლოგიური არსებები, ან მსოფლიოს სევდით შეპყრობილი იდუმალი რაინდები წარმოუდგება თვალწინ. ბევრს კი ჩაგრულთა მხსნელები და გაუმაძღარი კორპორაციების წინააღმდეგ მებრძოლი სუპერგმირები.
ბევრსაც ნიჰილიზმის მორევში ჩაძირული ლუზერები, ან დაკომპლექსებული “ფრიკები”.
მათზე უამრავი გამოგონილი ამბავი და ურთერთგამომრიცხავი ისტორია არსებობს, სადაც კეთილსა და ბოროტს შორის მკვეთრი საზღვრის გავლება სერიოზულ თავსატეხს წარმოადგენს.
ვინ არიან ისინი და რა უნდათ?! – ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის ნახევარზე მეტს კლავიატურის და ეკრანის წინ ატარებენ და ხშირად ამას იდეალების გამო აკეთებენ და არა ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.
მაშ ასე. მაინც ვინ არიან ჰაკერები?!
პირველ რიგში ალბათ უნდა განვსაზღვროთ მათი ზოგადი საქმიანობის არეალი. ოფიციალურად ჰაკერად შეიძლება იწოდებოდეს ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ფლობს პროგრამირების განსაკუთრებულ მეთოდებს…
რისი მეშვეობოთაც ახერხებს კომპიუტერულ ქსელებზე და ელექტრონულ მოწყობილობებზე არასანქცირებულ შეღწევას.
მათ ბევრი დაწერილი და დაუწერელი კანონი აქვთ. ისინი ავლენენ ხარვეზებს უსაფრთხოების სისტემებში, არღვევენ დაცვას და შემდეგ…
აი შემდეგ ხდება უკვე ჰაკერების ორ ძირითად კლასად დაყოფა.
კეთილ და ბოროტ, ან თუ გნებავთ თეთრ და შავ ჰაკერებად.
თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვი, ხშირია შემთხვევები, როდესაც მათი მიზნები ბოლომდე ნათელი არაა, მაგრამ ახლა ამაზე ნუ ვკონცენტრირდებით.
უბრალოდ ორივე ტიპი განვიხილოთ.
კეთილი ჰაკერები უმეტესად ნორმალური, პატიოსანი ხალხის მსგავსად ოფიციალირ სამსახურებში მუშაობენ. შეიძლება ოფისში არ სხედან 9-დან 6-ამდე, თუმცა საშტატო თანამშრომლები არიან.
ისინი კორპორაციულ შეხვედრებზეც დადიად და საშობაოდ “სიქრეტ სანტასაც” თამაშობენ. მათი საქმიანობა ძირითადად ქსელების ზედმეტად ცნობისმოყვარე ადამანებისგან დაცვაა, ამისთვის კი, როგორც წესი თავად ცდილობენ გატეხონ ეს ქსელები.
მოკლედ, ხელფასს იმაში იღებენ, რომ შესაძლო სუსტი წერტილები გამოავლინონ და მერე სამსახურს ამ ხარვეზების აღმოფხვრაში დაეხმარონ.
ნუ გაგეცინებათ, ძალიან მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი თანამდებობაა.
არის შემთხვევები, როდესაც მათ შეტევაზე გადასვლაც უწევთ და მომხდურებს იქით აზიანებენ, მაგრამ ეს უფრო იშვიათად ხდება.
რადგან ზიანი ვახსენეთ, არ შეიძლება ზიანის მომტან ჰაკერებზეც ცოტა დეტალურად არ ვისაუბროთ.
ეს ხალხი ხშირად საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად უფრო მოქმედებს, ვიდრე რაიმე კონკრეტული მერკანტილური მიზნისთვის.
აბა რატომ უნდა მოგინდეს მილიონობით ადამიანის პირადი ინფორმაციის გასაჯაროება, ან ფედერალური ბიუროს საიდუმლო ფაილების გამოფენა?
თუმცა მათ შორის ჩვეულებრივი ქურდებიც ბევრნი არიან და ბოროტების იმპერიის დამარცხების იდეით განმსჭვალული ადამიანებიც.
მათ ხშირად სჯერათ, რომ საიდუმლო ინფორმაციები, როგორც წესი საზარელ სიმართლეს შეიცავს და ამ მოტივით მოქმედებენ. ხანდახან მართლებიც აღმოჩნდებიან ხოლმე, ხანაც არა.
მათაც ასე, მერე ხან იჭერენ, ხანაც არა.
ზოგი მათგანი მერე ხან კეთილი ხდება, ხან არა.
ჰაკერთა შორის ნამდვილი ვარსკვლავებიც არიან, რომლებსაც უამრავი მიმდევარი და ფანკლუბი ყავთ.
თუნდაც “ანონიმუსი” რად ღირს, რომელიც ბოლო პერიოდში ერთგვარ ინტერნეტის სპეცდანიშნულების რაზმად არის ქცეული.
ამ დაჯგუფებამ ჯერ ISIS-ის წინააღმდეგ გაილაშქრა და ფაქტიურად საინფორმაციო ვაკუუმში მოაქცია ისინი…
წელს კი სამიზნედ რუსეთი აირჩია, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საკუთარ დამოკიდებულებას იმპერიალიზმთან ბრძოლის საკითხში.
მოკლედ, თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ ჰაკერების რომანტიზირებას გადაწყვეტ, თამამად, ნუ მოგერიდება!