ვებსაიტის ტექნიკური აუდიტი

წინა ბლოგში ვებსაიტის ტექნიკურ აუდიტზე ვისაუბრეთ. ერთიან პროცესზე, რომელიც საიტის „ჯანმრთელობის“ შესამოწმებლად ტარდება.

კიდევ ერთხელ გავიაზრეთ, რომ საიტი ერთჯერადი პროექტი არ არის, ვითარდება, ბერდება და ზოჯერ ავადაც კი ხდება. ახლა დროა სიღრმეებში ჩავიდეთ და აუდიტის თითოეული მიმართულება ეტაპობრივად გავაანალიზოთ.

დავიწყოთ ტექნიკური აუდიტით. ანუ შევიხედოთ იმ „კულისებში“, რომელიც გარედან არ ჩანს, თუმცა პირდაპირ განსაზღვრავს საიტის მუშაობის ხარისხს, სანდოობას და რეალურ შესაძლებობებს.

 

 რატომ არის მნიშვნელოვანი ვებსაიტის ტექნიკური აუდიტი?

ხშირად ხდება ისე, რომ საიტი იდეალურად გამოიყურება, თუმცა უხილავი ტექნიკური პრობლემები მის ხარისხიან ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად აფერხებს. ტექნიკური აუდიტის გარეშე შეუძლებელია შეამჩნიოთ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა:

  • ძალიან ნელი ჩატვირთვა
  • ცუდი მობილური ოპტიმიზაცია
  • არასწორი გადამისამართებები
  • ბმულები, რომლებიც აღარ მუშაობს
  • ძველი ან ზედმეტი კოდი, რომელიც საიტს ამძიმებს
  • არასწორად კონფიგურირებული SEO ელემენტები (მაგალითად, “robots.txt”, “sitemap.xml”, მეტა თეგები)

თუნდაც თვალისმომჭრელი დიზაინის უკან მდგარი ეს პრობლემები, პიდაპირ აზიანებს საიტის საძიებო სისტემებში პოზიციონირებას, მომხმარებლის გამოცდილებას და საბოლოო ჯამში, ბიზნესის რეპუტაციას. ეს რომ არ დაგვემართოს, ტექნიკური აუდიტი არა ერთჯერად აქტად, არამედ პერიოდულ პროცესად უნდა ვაქციოთ.

 

რა მიმართულებებს უნდა შევეხოთ საიტის ტექნიკური აუდიტის დროს?

მომხმარებელს ლოდინი არ უყვარს. Google-ის მონაცემებით, ვიზიტორები ტოვებენ საიტს, თუ ის 3 წამზე მეტ ხანს არ ჩაიტვირთება. ტესტირების ინტრუმენტები ასე გამოიყურება:

  • Google PageSpeed Insights
  • GTmetrix
  • Lighthouse

აუცილებელია დააკვირდეთ, როგორ მუშაობს საიტი მობილურზე და დესქთოფზე,  რამდენად არის ოპტიმიზირებული ფოტოები და ვიდეოები. ასევე კარგი იქნება შეამოწმოთ, რამდენი არასაჭირო სკრიპტი იტვირთვება.

 

მობილური ოპტიმიზაცია

დღეს მომხმარებლების უმეტესობა საიტზე მობილური ტელეფონის საშუალებით შედის. თქვენ მათ პირდაპირ კარგავთ იმ შემთხვევაში, თუ საიტის მობილური ვერსია არასტაბილურად მუშაობს, ან ეკრანის ზომაზე არ არის მორგებული.

Mobile-Friendly ტესტის ჩატარება დაგეხმარებათ, რომ ვიზუალური გადახრები, მცირე ზომის ტექსტები/ღილაკები და რთული ნავიგაცია შეამოწმოთ.

 

უსაფრთხოება და დაცვა

უსაფრთხოება ტექნიკური აუდიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი დარღვევა არა მხოლოდ მონაცემების დაკარგვას, არამედ მომხმარებლის ნდობის დაკარგვასაც ნიშნავს.

საჭიროა შეამოწმოთ გამოიყენება თუ არა SSL სერთიფიკატი (https://), განახლებულია თუ არა ყველა პლატფორმა და მოდული, დაცულია თუ არა ადმინისტრირების ზონა. ასევე შეამოწმეთ არსებობს თუ არა შესაბამისი სარეზერვო სისტემა (backup).

 

SEO ტექნიკური ფაქტორები

ტექნიკური SEO სწორედ ის საფუძველია, რომელიც საძიებო სისტემებს თქვენი საიტის ზუსტად და ეფექტურად აღქმის საშუალებას აძლევს.

ამიტომ უნდა შეამოწმოთ, რამდენად სწორად არის კონფიგურირებული „robots.txt“ და „sitemap.xml“, აქვს თუ არა თითოეულ გვერდს მეტა თეგები.

ნახეთ, იძებნება თუ არა დუბლირებული კონტენტი ან URL, როგორ მუშაობს canonical tags და არსებობს თუ არა გაფუჭებული ბმულები (broken links).

ამ ყველაფრისთვის ეს ინსტრუმენტები გამოგადგებათ:

  • Screaming Frog
  • Ahrefs Site Audit
  • Google Search Console

 

კოდის სტრუქტურა/მოდულების მდგომარეობა

თუ საიტი არის პლატფორმაზე WordPress, Shopify, Joomla და სხვა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოდული და თემა განახლებული იყოს.

ძველი კოდი არა მხოლოდ უსაფრთხოების მხრივ არის საშიში, არამედ ხშირად, საიტის საერთო მუშაობასაც აფერხებს.

ტექნიკური აუდიტისას ასევე უნდა გაირკვეს, რამდენად სუფთა და ორგანიზებულია HTML, CSS, JavaScript და არის თუ არა გამოყენებული საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკები.

 

როგორ უნდა ვუშველოთ აღმოჩენილ პრობლემებს?

აუცილებელი არ არის, რომ ყველა პრობლემა ერთდროულად მოაგვაროთ, უბრალოდ საჭიროა პრიორიტეტიზაცია სწორად გააკეთოთ.

პირველ რიგში, უსაფრთხოებას, ჩატვირთვას, მობილურ ოპტიმიზაციას და SEO კონფიგურაციას უნდა მიხედოთ. სასურველია აუდიტის შესრულება გამოცდილ კომპანიას მიანდოთ.

სწორედ მათი პროფესიონალიზმის დახმარებით შეძლებთ, რომ საძიებო სისტემებში თქვენი საიტის პოზიცია გაუმჯობესდეს და თქვენი ბიზნესის ციფრულად პოზიციონირება მტკიცე საფუძვლებს დაეფუძნოს.

თუ ეს საკითხები თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაელოდეთ ჩვენს მომდევნო ბლოგს, რადგან მასში ვებსაიტის UX აუდიტზე ვიმსჯელებთ.

შესაბამისი სერვისების სანახავად გადადი ბმულზე