პოდკასტების ბუმი
2004 წლიდან დღემდე, მსოფლიოს პოდკასტების ბუმმა რამდენჯერმე გადაურა.
ჩვენი საყვარელი ინტერნეტის და მისი სწრაფად განვითარების წყალობით, ადამიანებს მიეცათ საშუალება, ჰქონოდათ საკუთარი მაუწყებლობა…
თანაც ყოველგვარი ლიცენზიების, სპეციალურ არხებზე რთულად დარეგისტრირების, ოფიცილური სტრუქტურებისთვის ახსნა-განმარტების და წლობით ლოდინის გარეშე…
წარმოიდგინეთ, მეტი რა უნდა ენატრათ ენთუზიასტებს…
ან უბრალოდ პოპულარობის სურვილით შეპყობილ ადამიანებს, რომელთაც მუდმივად კლავდათ სურვილი, საკუთარი თავი ფართო აუდიტორიისთვის წარედგინათ.
მოკლედ, პოდკასტების ბუმი ოფიციალურად დაიწყო.
პოდკასტი ჰქონდა თითქმის ყველას, თითქმის ყველაფერზე და თითქმის ყველა ადგილიდან: გარაჟიდან, ბოსტნიდან, ბარიდან, ავტოსამრეცხაოდან, სპორტდარბაზიდან, სახლის სახურავიდან და უამრავი უხერხული, თუ იშვიათი ადგილიდან.
თემებიც შესაბამისად საოცარი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ძალიან მნიშვნელოვნიდან (მაგალითად, უცხო ცივილიზაციის მიერ დედამიწის დაპყობის საიდუმლო გეგმის განხილვის შესახებ)…
საოცრად უმნიშვნელომდე (ვთქვათ, როგორ უნდა დავჭრათ სწორად გაზაფხულზე ნამდვილი ბავარიული სახლური სოსისი).
რადგან თავიდან მხოლოდ აუდიო პოდკასტები არსებობდა, მსმენელისთვის ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა რადიოს, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით.
პოდკასტები ინტერნეტში იყო განთავსებული, შესაბამისად რადიოგადაცემისგან განსხვავებით, რომელიც მოცემულ არხზე, მოცემულ დროს გადიოდა, მისი მოსმენა ნებისმიერ დროს შეგეძლო.
თემას აირჩევდი, „დასერჩავდი“ და თუ მოისურვებდი, პირდაპირ ჩართავდი.
თუ არადა, გადმოიწერდი და შენთვის სასურველ დროს მოუსმენდი, ინტერნეტის გარეშეც კი.
იყო ათასობით პლატფორმა და ყველაფერი იყო ძალიან მარტივად.
ამ მიმართულებით ადამიანისთვის მეტი კომფორტის შექმნა ალბათ შეუძლებელიც კი იყო. შინაარსობრივადაც, რადიოსგან განსხვავებით, პოდკასტი ბევრად თავისუფალი, შეიძლება თამამად ითქვას დემოკრატიული „ტიპი“ იყო.
არც რედაქტორები ჰყავდა და ცენზურაც არ ეხებოდა.
მეორე ტალღამ, როდესაც ამ ყველაფერს ვიდეოც დაემატა – სულ წალეკა სამყარო.
თან ამ დროს უკვე საკმაოდ მაღალი სიჩქარით გაქანებულ ტრენდულ მატარებელს „სელებრითებიც“ შეახტნენ და პოდკასტებსაც ახალი ელფერი მიეცა.
საქმეს არც ოფიციალური მაუწყებლები ჩამორჩნენ და ამ პერიოდში, ნებისმიერ მსხვილ, თუ წვრილ მედიასაც საკუთარი პოდკასტების სერიები ჰქონდა.
მოკლედ, პოდკასტები სუპერ „მეინსტიმ“ პროდუქტად იქცა.
ოღონდ ეს ყველაფერი დასავლეთში ხდებოდა.
ახლა გავიაზრე, რომ აშკარად დამავიწყდა ზემოთ იმის აღნიშვნა, რომ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ე.წ. „დასავლეთს“ ვგულისხმობდი.
ჰოდა, ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენთან რა ხდება?!
ცოტა უცნაურია, მაგრამ ტვიტერის არ იყოს, საქართველოში პოდკასტებსაც ცოტა უცნაური ბედი ეწია.
არის, როგორ არ არის, საკმაოდ ბევრიც…
ზოგი მეტად საინტერესოა, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ მსმენელ-მაყურებელი ძალიან ცოტა ჰყავს.
ვინაა ამაში დამნაშავე?!
პოდკასტების ავტორები, სტუმრები, თუ ბუნების ძალები?!
არ ვიცი… რაც ვიცი ისაა, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პოდკასტს, რომელსაც შეგნებულად არ დავასახელებ, ერთი ბილბორდიც კი არ აქვს ქალაქში. საერთოდ არც კი „იბუსტება“ არსად…
თავისთვის ჩუმად, წყნარად იდება ხოლმე რამდენიმე ადგილას ნეტში და სულ ეს არის.
მე თუ მკითხავთ, ამ კონკრეტულ პოდკასტს მინიმუმ ათჯერ მეტი მსსმენელი უნდა ჰყავდეს, მაგრამ არ ჰყავს.
არადა, ყოველ ჯერზე ძალიან საინტერესოა და რაღაცნაირად გული მწყდება.
ახლა დავფიქრდი და შეიძლება ყველაფერი იმის ბრალია, რომ ინსტრუქცია არ მოყვება.
აი, რა სარგებლობა მოაქვს და საერთოდ როგორ უნდა ვუსმინოთ, მგონი საინტერესო იდეაა, შეიქმნას პოდკასტის ინსტრუქცია!
იქნებ ხმა მივაწვდინო იმ ჩემს მიერ „არ დასახელებული“ პოდკასტის ავტორს, ამ ყველაფერს ინსტუქციაც მოაყოლოს…
იქნებ ნახვებმაც მოიმატოს…
შემდეგ სხვა პოდკასტების ავტორებიც უფრო მეტად წახალისდნენ და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით განაგრძონ საქმიანობა.
ვნახოთ აბა!