ბრენდის ანბანი, ნაწილი 3

თუ წაიკითხეთ ბრენდის ანბანის წინა ნაწილილები – უკვე იცით, რომ ბრენდის შექმნა იწყება ადამიანის გაცნობით და გრძელდება ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიით.

ახლა კი დროა განვიხილოთ ბრენდის ყველაზე მოქმედი იარაღი – კონტენტი.

ეს სწორედ ის ეტაპია, რომელშიც თქვენი ბრენდი იძენს სიტყვებს, იღებს ტონალობას და ხმამაღლა ალაპარაკდება.

 

რატომ არის კონტენტი მყარად დაკავშირებული ნდობასთან?

იმ სამყაროში, სადაც მომხმარებელი ყოველდღე ათასობით გზავნილს აწყდება, ადამიანებს არ აინტერესებთ უბრალოდ „ინფორმაცია“.

ისინი ეძებენ გულწრფელ, დამაჯერებელ და მათზე მორგებულ საუბარს. სწორედ ამ საუბარს ქმნის სწორი და ხარისხიანი კონტენტი.

კონტენტი, ეს არის არის ხიდი ბრენდსა და აუდიტორიას შორის და ხიდი ყოველთვის ორმხრივი უნდა იყოს.

 

როგორია კონტენტის ტიპები?

წარმოვიდგინოთ, რომ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან ამზადებთ კოსმეტიკას. განვიხილოთ, რა ტიპის კონტენტი იქნება თქვენთვის წარმატებული:

  • საგანმანათლებლო კონტენტი – მაგალითად, როგორ მივხვდეთ, რომ კანის ტიპი შეგვეცვალა, ან როგორ ვაქციოთ სახის მოვლის რუტინა თვითზრუნვის პროცესად.
  • შთამაგონებელი კონტენტი – მაგალითად, რეალური მომხმარებლების ფოტოები, ციტატები, რომლებიც ბრენდის ღირებულებას გამოხატავს.
  • დიალოგის ტიპის კონტენტი – მაგალითად, გამოკითხვები იმის თაობაზე, თუ რომელი სურნელი უყვართ ყველაზე მეტად, ან რას ფიქრობენ თქვენს ახალ შეფუთვაზე.

 

როგორ შევქმნათ ღირებული შინაარსი?
  • მოიფიქრეთ მკაფიო მიზანი – ნებისმიერი კონტენტი პასუხობს ერთ კითხვას – „რა გინდა, რომ ადამიანმა იგრძნოს როცა ამას წაიკითხავს, ან ნახავს?“
    არ შეიძლება კონტენტის შექმნა მხოლოდ იმიტომ. რომ „რაღაც უნდა დადო სოციალურ ქსელში, თუ საიტზე“.
    გახსოვდეს, რომ შინაარს ურთიერთობების როგორც აშენება, ასევე დანგრევა შეუძლია.
  • წერეთ ადამიანისთვის და არა ალგორითმისთვის – უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონტენტი SEO-სთვის ოპტიმიზირებული იყოს, თუმცა პირველ რიგში, ადამიანზე უნდა იფიქროთ.
    გახსოვდეთ, რომ მას შემდეგ, რაც მომხმარებელთან რეალურ კავშირს ქმნით, ალგორითმიც თქვენს მხარეს გადმოდის.

 

კონკრეტული მაგალითი – კონტენტი ჩვენს მიერ შექმნილი პერსონისთვის

გავიხსენოთ ნატა. ის არის 34 წლის, ცხოვრობს თბილისში, ზრუნავს ბუნებაზე და სჯერა ქალების მხარდაჭერის ძალის. როგორი კონტენტი უნდა შევთავაზოთ ნატას?

  • საგანმანათლებლო – „რა განსხვავებაა ორგანულ და ნატურალურ კოსმეტიკას შორის?“
    „როგორ მუშაობს ჩვენი ყველაზე გაყიდვადი ინგრედიენტი – შიის კარაქი?“
  • შთამაგონებელი – ფოტოები ნამდვილ მომხმარებლებთან ერთად, მათი სიტყვებით: „ეს პროდუქტი ჩემთვის ყოველდღიური სიმშვიდეა.“
    ან ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მზადდება პროდუქტი სოფელში – ქალების ხელით.
  • დიალოგის ტიპის კონტენტი – „რომელი შეფუთქვა მოგწონთ უფრო მეტად“? ან „რას ნიშნავს თქვენთვის საკუთარ თავზე ზრუნვა?“

 

რა ანგრევს კონტენტს?
  • ზედმეტი სიყალბე და გაყიდვებზე ორიენტაცია
  • სტანდარტული, კლიშე-ტექსტები (“ჩვენი მისიაა ხარისხის მიწოდება…”)
  • უხმო კონტენტი – რაც არაფერს გეუბნება
  • უცნაური გადახრები ბრენდის ხმის ტონიდან

ეს იყო ბრენდის ანბანი, ნაწილი 3. C, ანუ კონტენტი (Content).

ის გზა, რომლითაც ბრენდი ლაპარაკობს, უსმენს, უყვარს, იზრდება…

გახსოვდეთ, რომ სიტყვებს უდიდესი ძალა აქვს. თქვენ შეგიძლიათ იმდენად გაზარდოთ თქვენი ბრენდის ხმა, რომ მისი გაგონებისას თქვან – „აი, ზუსტად ის არის, რასაც ვეძებდი“.

ნაწილი 2